თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრით გახსნა.
„სამწუხაროდ, ახალრეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ, რაც, რა თქმა უნდა, საწყენია, რადგან ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება. ეს ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადმიანებისთვის კეთდება. თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, აზრი ეკარგება ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებას სთხოვა, თანადგომა გამოიჩინოს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.
„ხშირ შემთხვევაში, ამ ყველაფერს არასრულწლოვნები, ახალგაზრდები აკეთებენ, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ინფრასტრუქტურა ზიანდება, დიდები ამას გულგრილად უყურებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.