2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველომ 64-ე ადგილი დაიკავა, და 2015 წელთან შედარებით რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველომ 100-ბალიანი შეფასების კრიტერიუმით 33,9 ქულით გაუსწრო ისეთ უმსხვილეს ქვეყნებს, როგორებიცაა: ინდოეთი, ბრაზილია, ყაზახეთი და სხვა.
გლობალური ინოვაციის ინდექსი შვიდი კომპონენტისგან შედგება - ინსტიტუციონალური რეფორმები, რომელიც მოიცავს ბიზნეს და პოლიტიკურ გარემოს; ადამიანური კაპიტალი და კვლევები; ინოვაციების ინფრასტრუქტურა; ბაზრის განვითარების დონე; ბიზნესის განვითარების დონე; ცოდნა და ტექნოლოგიები; შემოქმედებითი მიღწევები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინსტიტუტების კომპონენტის ბიზნესგარემოს ნაწილში, ბიზნესის წამოწყების სიმარტივით საქართველო მე-6 ადგილზეა, ბიზნეს-კრედიტის აღების სიმარტივით - მე-7 ადგილზე.
2016 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ძლიერ მხარეებში სახელდება ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა:
1) ბიზნესის დაწყების სიმარტივე 97.8 ქულა (100-დან) მე-6 ადგილი (128 ქვეყნიდან)
2) ბიზნეს-კრედიტზე ხელმისაწვდომობის სიმარტივე 85 ქულა ( 100 დან) მე-7 ადგილი (128 ქვეყნიდან)
3) მინორიტარული ინვესტორების დაცვა (მცირე აქციონერთა ინტერესების დაცვა) 68.3 ქულა (100-დან) მე-20 ადგილი (128 ქვეყნიდან)
4) სავაჭრო კვოტებისა და ტარიფების სიმცირე, (იმპორტის გადასახადებისა და კვოტების სიმცირე) 95.7 ქულა (100-დან) მე-5 ადგილი (128 ქვეყნიდან)
5) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების სიდიდე 66.8 ქულა (100 დან) მე-10 ადგილი (128 ქვეყნიდან)
გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, კორნელის უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა INSEAD 2007 წლიდან აქვეყნებს. ინოვაციების გლობალური ინდექსი პროფესიონალებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სხვა პირებისთვის წამყვან ინსტრუმენტს წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ინოვაციების განვითარების ხარისხის იდენტიფიცირებისთვის.
2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის პირველ ხუთეულში შევიდა შვეიცარია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი. რეიტინგში სულ მსოფლიოს 128 ქვეყანა მოხვდა.
რამ გამოიწვია 9 პოზიციით დაწინაურება:
საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ორგანო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას.
გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული იქნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს აღნიშნულ რეიტინგში ადგილის კიდევ უფრო გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საწინდარი იქნება, აღნიშნული აქტოვობები 2016 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგში ჯერ არ არის შეტანილი. კერძოდ: საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების და ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.
ინოვაციების სააგენტომ შეიმუშავა ინოვაციების შესახებ საქართველოში პირველი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი, კანონით სახელმწიფოში მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება, ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურების განვითარება, მოხდა მეცნიერთა და გამომგონებელთა სამართლებრივი უფლებების დაცვა და მათთვის გარანტირებული შემოსავლის უზრუნველყოფა. კანონი განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩაურევლობას საპატენტო უფლებებში. გარდა ამისა, კანონი შესაძლებელს ხდის გაიცეს ინოვაციების სააგენტოს მიერ სახელმწიფო გრანტები მეწარმე სუბიექტებზე ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ „ინოვაციების შესახებ" საქართველოს კანონი დაფუძნებულია აშშ-ს „Bayh Dole" კანონზე, რომლის მიღებითაც აშშ-ში უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა ინოვაციების განვითარებამ, ხელი შეუწყო კერძო სექტორის ჩართულობას და კომერციალიზაციას.