მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება.
„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.