„ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო გოგუაძემ ამომრჩეველთან აქტიური შეხვედრები დაიწყო. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამომრჩეველთან თანამშრომლობა იქნება და აქვე დასძენს, რომ საბურთალოს მთავარი პრობლემა მშენებლობები და გამწვანებაა.
„ეს ის რაიონია, რომელშიც 30 წელია ვცხოვრობ და მის პრობლემებს კარგად ვიცნობ. პირველ რიგში, მაინტერესებს მათგან დანახული პრობლემები და ის პროგრესი, რაც ამ 4 წლის მანძილზე იქნა მიღწეული. ჩემი პრიორიტეტი ამომრჩევლებთან ერთობლივი თანამშრომლობა იქნება. გარდა იმ პრობლემებისა, რაც ქვეყნის მასშტაბით დგას, საბურთალოს პრობლემა არის მშენებლობები და გამწვანება", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
გოგუაძის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო თემატიკაზე მუშაობა და საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა იქნება.
მეორე, ეს არის განათლება, რომელიც გუგუაძის შეფასებით, ქვეყნის წარმატების ბაზისია და ამიტომ, უმნიშვნელოვანესია.
ნინო გოგუაძის განცხადებით, საარჩევნი გარემო თავისუფალია და თვლის, რომ ეს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.
„თუ დინამიკაში შევხედავთ, სად ვიყავით და ახლა სად ვართ, დარღვევების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო თავისუფალია, მედია ხელმისაწვდომია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ჩვენი ოპონენტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო ნაკლებად დავობენ", - განაცხადა ნინო გოგუაძემ ტელეკომპანია „GDS"-ის ეთერში.