ბათუმის ბულვარს პირველად მისი არსებობის ისტორიაში ექნება გენერალური გეგმა. უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი საუკუნოვან ბაღს თავისი არსებობის მანძილზე პირველად ექნება. დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, სარეკრეაციო, თემატური სივრცეების, სანაპირო ზოლის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწესრიგებას.
„მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზეა, საკრებულოზე. მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, კონსერვაცია, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში და ეს საქმე უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.