აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და ჯამში 163 230 000 ლარი შეადგინა.
აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა განცხადება.
„აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე ავიყვანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, რაც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ მეტი პროექტები და მაქსიმალურად ვიზრუნოთ აჭარის მცხოვრებლებზე. ბიუჯეტი გაზრდილია 6%-ით და ის შეადგენს 482 მლნ. ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო რაოდენობა, რომელიც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე, ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.