logo_geo
eng_logo
საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა
- +

8 მარტი. 2016. 20:59



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მონიეს და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლივიე მადიოს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემებზე საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, უახლოეს პერიოდში საქართველოში ფრანგი ექსპერტების ვიზიტსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.


ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად ბევრის მთქმელია საფრანგეთის მიერ საქართველოში ახალი ელჩის ასე სწრაფად გამოგზავნა... თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთთან აქტიური და ქმედითი კონტაქტი აქვს. მოქმედი ხელშეკრულებები გვაქვს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის კუთხით და ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა იგეგმება. ამჟამად საფრანგეთმა გამოხატა მზადყოფნა, იყოს მთავარი საყრდენი ქვეყანა საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გამყარების კუთხით - ნატოს პაკეტის ფარგლებში. ვმუშაობთ ნატოს იმავე პაკეტის სხვადასხვა კომპონენტებში ფრანგების უფრო აქტიურ ჩართვაზე. იგეგმება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ამის შესახებ მან ბრიუსელში ჩვენი შეხვედრის დროს განაცხადა. ვფიქრობ, ეს წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. მომავალ კვირას უკვე ჩამოდის საჰაერო თავდაცვის პირველი ფრანგული ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებებს ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილეა, სწორედ, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის" პაკეტის ფარგლებში ფრანგების ხელდასმით, მათთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით შეიქმნა ეს სკოლა. საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა იყო იმ წლის განმავლობაში განსახორციელებელი იმ ძალიან ბევრი ღონისძიების ერთგვარი საწყისი, რომელიც ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით იგეგმება"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კი შეხვედრის შეჯამების დროს ყურადღება საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა.


"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. თბილისში გასულ კვირას ჩამოვედი და რწმუნებათა სიგელები პრეზიდენტს გუშინ გადავეცი. ძალიან მიხარია, რომ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ საქართველოს მთავრობიდან პირველს თავდაცვის მინისტრს შევხვდი. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო ოპერაციებში - ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედროები ჩვენი ბაზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ და შემდეგ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ბევრი სამხედრო გავგზავნეთ მისიაში და ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამყარებული პირადი კონტაქტები და მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელთანაც საფრანგეთს გლობალური თანამშრომლობა აკავშირებს. მე უკვე ვახსენე თანამშრომლობა ოპერაციების დონეზე, სადაც ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ბრძოლის ველზე და ასევე, მინდა ხაზი გავუსვა თანამშრომლობას წვრთნების მიმართულებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PფP) სტატუსი მიენიჭა. ყოველ წელს საფრანგეთის ომის სკოლაში, საშტაბო სკოლასა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტში ქართველ ოფიცრებს ვიღებთ. ჩვენი კავშირები ძალიან ფართოა. გარდა ამისა, დავიწყეთ თანამშრომლობა შეიარაღების სფეროშიც, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი ნდობის მაჩვენებელია", - განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner