ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს კარიმ იამთინს და შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვედეთის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება.
საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებსა და ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკასა და სხვ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შვედეთის მხარდაჭერაზე საქართველოს მიერ DCFTA - ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების) ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მიმართულებით.
ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შვედეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორ ქვეყნებს შორის მეხუთეა და პროექტებს საქართველოში, ძირითადად, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს SIDA - ს მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე საქართველოში, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის, ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის, ქალთა უფლებების გაძლიერების, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარების და სხვა პრიორიტეტული საკითხების მხარდაჭერისთვის.
ამასთან აღინიშნა, რომ SIDA - ს 2021-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნებს შორისაა. ამასთან, ახალი სტრატეგიის ფარგლებში იზრდება საქართველოს დახმარების მოცულობა.