იუსტიციის მინისტრი რეგიონებში უწყების მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას განაგრძობს. თბილისის, ქუთაისისა და ბორჯომის შემდეგ ღონისძიება ამჯერად რუსთავში გაიმართა. რატი ბრეგაძემ სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული:
დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია;
გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, „ჰუალინგში“; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში;
დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან;
სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;
მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი დოხტურიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.