საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები თურქეთთან საჭიროებს გადახედვასა და გაუმჯობესებას. აღნიშნული განცხადება მინისტრმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გააკეთა, სადაც ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს ფარუკ ჩელიკს შეხვდა.
„ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას. ჩვენ შევთანხმდით პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში ექსპორტის თვალსაზრისით. სავაჭრო ბრუნვა ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამის გაუმჯობესება. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2014 წლიდან წამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია 44 თურქი ბიზნესმენი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში და შეხვდებიან ქართველ ბიზნესმენებს. საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი იძლევა შესაძლებლობას, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„ეს არის პირველი ბიზნესფორუმი და რაც მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი 22-წლიანი პაუზის შემდეგ. ჩვენ ასევე შევთანხმდით რეგლამენტზე, რომ აუცილებლად გვექნება ყოველწლიური შეხვედრა", - განაცხადა დანელიამ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, არის ბევრი პოზიცია, სადაც შეიძლება, საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვნად ითანამშრომლოს.
„ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა იმ პოზიციებში, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული და რა პროდუქტების ექსპორტიც ხორციელდება ევროკავშირში. ამიტომ, ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი არის ასევე დამატებითი საწინდარი იმის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ სხვა ბაზრებზე ურთიერთვაჭრობის შესაძლებლობები", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
დანელიას თქმით, საუბარი შეეხო ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორიცაა თხილი, ხორცი, ასევე ისაუბრეს თაფლთან და ყურძნის კონცენტრატთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვისაუბრეთ თხილის თვალსაზრისით თანამშრომლობის ნაწილზე, ვინაიდან თურქეთი გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა თხილის ექსპორტის თვალსაზრისით, აქვს კარგი გამოცდილება და ეს ჩვენ უნდა გავიზიაროთ, ხორცის ექსპორტი გახლავთ ასევე ის პოზიცია, რომელზეც ჩვენ პრინციპულად უკვე შევთანხმდით, ეს გახლდათ ერთ-ერთი ღია საკითხი წლების მანძილზე, თუმცა ამის პირობა 10-15 წლის წინ ნამდვილად არ არსებობდა. დღეს გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომელიც ყველანაირ გარანტიას იძლევა, რომ იქნება კეთილსაიმედო და უვნებელი გარემო, რათა მოხდეს ხორცის ექსპორტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.