17 აგვისტოს, ქვემო ქართლის გუბერნიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩინეთის დუ'ან იაოს ავტონომიური რეგიონის ჰონგ უას სახელმწიფო-სამშენებლო კომპანიას შორის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს რეგიონის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ჰონგ უას სახელმწიფო-სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ლუ სენცინგმა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ჯინი და ორივე მხარის სხვა წარმომადგენლები.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებითა და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ორმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით ითანამშრომლებენ სავაჭრო-ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში, ერთმანეთს გაუზიარებენ კლიმატური ცვლილებებისა და კატასტროფების რისკის შემცირების გამოცდილებას.