ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობა და ნატოს სამხედრო ალიანსის ერთიანობა.
„მან [პუტინმა] დიდი შეცდომა დაუშვა. მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, უკრაინელი ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობა, ასევე მან სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოსა და პარტნიორების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, როდესაც საქმე ნატოს ალიანსის დასუსტებას ეხებოდა.
„მისი [პუტინის] ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამ ომის დასაწყისში იყო ის, რომ მას ნაკლები ნატო სურდა. [...] რასაც ის ახლა იღებს არის მეტი ნატო და ნატოს ორი ახალი წევრი, მათ შორის ფინეთი, რომელსაც რუსეთთან საზღვარი აქვს“, - განაცხადა მან.