logo_geo
eng_logo
ვინ უკვეთავს მუსიკას
- +

1 ივლისი. 2022. 13:54

 

 

სათაურში გამოტანილ მარადიულ კითხვაზე პასუხი უცვლელია - ვინც ფულს იხდის(!). აქედან გამომდინარე, საქმეში გასარკვევად ისევ წინა პლანზე იწევს კითხვა - ვინ იხდის ფულს?

 

ქართულ პოლიტიკაში ანტისახელისუფლებო, ანუ სახელმწიფო ინტერესის საწინააღმდეგო პროექტების დაფინანსება იმდენად ღიად და „გამჭვირვალედ“ ხდება, რომ ზემოთ მოხმობილ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე პასუხი ნებისმიერი გამვლელისთვის ცნობილია და დიდი ხანია რიტორიკულ კითხვად აღიქმება. ბოლო წინადადებაში ერთი სიტყვის ბრჭყალებში ჩასმა იმიტომ მომიწია, რომ ხსენებული პროექტების ავტორ-მეცენატები ამას „დემოკრატიის განვითარებისთვის“ გაღებულ ხარჯებს უწოდებენ.

 

მოდით, გავხსნათ ფრჩხილები - არეულობისკენ, დესტრუქციისკენ, ობსტრუქციისკენ და სხვა ათასი მამაძაღლობისკენ მიმართული აქტივობების დაფინანსების ორი ძირითადი წყარო არსებობს: ა) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „საქართველოსთვის“ გამოყოფილი ყოველწლიური ათობით მილიონი დოლარი; ბ) საქართველოდან ნაძარცვი და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში აკუმულირებული და უწყვეტ ბრუნვაში მყოფი ასობით მილიონი დოლარი.

 

პირველი წყაროს ტრანშები მიმართულია ნაცენჯეოებისა და ნაცექსპერტების, აგრეთვე, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ამერიკული ინსტიტუტების (NDI, IRI,..) ინტენსიური, ხელისუფლების დამაზიანებელი საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, ხოლო მეორე, იმავე დანიშნულებით, ნაცპარტიის, ზოგიერთი მისი სატელიტისა და ნაცტელევიზიებისთვის.

 

შეხსენებისთვის, კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული სააკაშვილის რეჟიმის პერიოდშიც და მათი ოპოზიციაში იძულებითი გადაბარგების შემდეგაც ნაცპარტიის საჭიროებების უზრუნველყოფას ხმარდებოდა და ხმარდება.

 

„მეგობარი ქვეყნის დახმარების“ ყოველგვარი ობიექტური ლოგიკიდან ამოვარდნილ დამოკიდებულებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ამერიკის შესაბამისმა სამსახურებმა, მათი ქვეყნის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მრავალ ქვეყანაში აპრობირებული პრინციპით, „დიდი ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“, თავის დროზე აირჩიეს საყრდენი (ყველაფერზე ხელის მომწერი) პოლიტიკური ძალა და სამწუხაროდ, არანაირი წინაპირობა არ იკვეთება, რომ არჩეული კურსი შეცვალონ.

 

უფრო კონკრეტულად - ნაცმხარდაჭერისკენ მიმართული ფული, ჯერ ნაცრეჟიმის დანაშაულების „გაპრავებას“ ხმარდებოდა, შემდგომ არეულობის სცენარების ორგანიზებას და რაც ყველაზე მთავარია, იოტისოდენა სურვილიც არ შეიმჩნევა, რომ „დახმარების“ ამოსავალ პირობას საქართველოს ინტერესები წარმოადგენდეს.

 

პოლარიზაცია, ყოფით ენაზე, მკვეთრად განსხვავებული პოზიციების მქონე ორ მხარეს შორის დაპირისპირებას გულისხმობს. ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალთა შორის პოზიციების დაახლოების არანაირი პერსპექტივა არ იმზირება, რადგან ნაცმოძრაობისთვის მათი დამფინანსებლების მიერ განსაზღვრული ფუნქცია სწორედ მუდმივ დესტრუქციასა და არეულობას გულისხმობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირმა წევრობის კანდიდატობის ისეთი მთავარი პირობა წამოგვიყენა, რომელსაც არსებულ რეალობაში აღსრულება არ უწერია. ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზები, თავისი ახსნა აქვს და სწორედ ამ მიზეზებშია ძაღლის თავი ჩამარხული.

 

ანალიზს იმ აქსიომური ჭეშმარიტების შეხსენებით დავიწყებ, რომ მშვიდობა ვერასოდეს დაისადგურებს უსამართლო გარემოში - არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა! სწორედ უსამართლო გარემოს მიზეზებზე საუბარი მიგვიყვანს რეალობის ობიექტურ შეფასებამდე.

 

ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც ვეღარ მალავს სიძულვილს ჩვენი ხელისუფლების მიმართ (ვერშესრულებული საბრძოლო დავალებების გამო), იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადება, რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა და... თავდაცვიდან სწრაფადვე აქეთ გადმოვიდა შეტევაზე - ეს ხომ რუსული ნარატივიაო(?!). სირცხვილია, ქალბატონო დეგნან, სირცხვილი, ამხელა გამოცდილების ოფიცერი უცებ რომ გაიშიფრეთ და ნაცტალღაზე (ნაცნარატივზე) შემოსკუპდით...

 

როგორ არ გავბრაზდე და... შე კაი დედმამიშვილო, თუ იცოდი, რომ რუსული ნარატივი იყო, ერთხელ მაინც რატომ  არ წამოგცდა საყვედური „ერთგული მეგობარი“ და „პროდასავლელი“ ზელენსკისა და მისი „გუნდის“ წევრების მიმართ - საქართველოს მისამართით ამ „რუსული ნარატივის“ (კატეგორიული მოთხოვნის სახით(!)) წაღმა-უკუღმა ტრიალის გამო; ელჩის გაწვევის და შემდეგ, საერთოდ, გათავისუფლების გამო; გამოგონილი სამარცხვინო ბრალდებების გამო; ათასი გამომწვევი, შეურაცხმყოფელი და მტრული თავდასხმის გამო; ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მრავალჯერადი შემობოტების გამო, ტალახსა და სისხლში ამოსვრილი ფეხებით... რომელი ერთი ვთქვათ?!

 

ან ის როგორ „გამოგეპარათ“, ამ „რუსულ ნარატივს“ თქვენი „პროდასავლელი“ ლომჯარია, თქვენი „პროდასავლელი“ მარგველაშვილი, თქვენი „პროდასავლელი“ გიგაური, თქვენი „პროდასავლელი“ უსუფაშვილი და სხვა „პროდასავლელები“ რომ მოაჯდნენ? ან ის როგორ „გამოგრჩათ მხედველობიდან“, აეროპორტი „პროდასავლელი მოხალისეებით“ რომ იყო გადაძეძგილი, (სამი უკრაინული თვითმფრინავის მოლოდინში), „რუსული პროვოკაციის“ მოსაწყობად? ცნობილია, რომ, ეს დაღმაფრენაზე გამიზნული აღმაფრენა საქართველოს ხელისუფლებასთან არ ყოფილა შეთანხმებული და იქნებ თქვენ გვითხრათ, ვინ მფარველობდა ამ „იდეას“?

 

ყოველივე ზემოთქმულს თუ დავუმატებთ ევროპარლამენტის უდროო დროს და უადგილო ადგილას მიღებულ, უსამართლო, ტყუილებით დახუნძლულ, ქვეყნის შეურაცხმყოფელ ე.წ. რეზოლუციას და საღი აზრის ლოგიკიდან მთლიანად ამოვარდნილ გადაწყვეტილებას ევროკანდიდატობასთან დაკავშირებით, სურათი სრულყოფილ სახეს შეიძენს: ეს იყო ერთი ცენტრიდან მართვადი პროცესი, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

 

დამეთანხმებით, მძიმე და ძნელად ასახსნელ-პასუხგასაცემი ფაქტები და არგუმენტებია. თუ წერილის დასაწყისში და ჩემს წინა წერილებში მოტანილ ფაქტებსაც გავიხსენებთ, ამერიკული ფულის (ადმინისტრაციის „დახმარება“ იქნება, თუ „ქველმოქმედ“ სოროსული) არეულობის სცენარებისთვის არაერთგზის გამოყენებასთან დაკავშირებით, კიდევ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიას, საფინანსო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლის ჩათვლით და კიდევ აკერმან-ტრენინგებზე „ოფლის ღვრას“, მეორე ფრონტის ნარატივის წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება.

 

უკრაინა-რუსეთის ომში ანტირუსული კოალიციის (რომლის წამყვანი ძალაც კელი დეგნანის სამშობლო, ამერიკის შეერთებული შტატებია) ლიდერების გეგმები მარტივ გათვლებს ეფუძნება: საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება მოახდინოს არანაკლებ ორმოცდაათი ათასი სამხედროს მობილიზება (სამხედრო ექსპერტების ვარაუდია), რაც, ბუნებრივია, მას გაურთულებს უკრაინაში წარმატების მიღწევას. აქ ისინი ერთ რამეში ცდებიან, უფრო სწორად, მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ - ამგვარი განვითარება რა შედეგებს მოუტანს საქართველოს(?!).    

 

ქართველ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, ვითარებიდან გამოსავალი აინტერესებს. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას სწორი კურსი აქვს არჩეული. ესაა აბსოლუტური უკომპრომისობა, როცა საქმე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. არსებულ რეალობაში გამოსავალი ისაა, რომ ჩვენმა ერთიანმა პრინციპულმა პოზიციამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უნდა დაარწმუნოს, რომ „ჩვენი ნაძირალას“ პროექტი წყალში გადაყრილი დრო და სახსრებია, რომ კოლონიის დამამცირებელი სტატუსი წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ, რომ ქართველი ერი ისტორიულად კარგი პარტნიორი და ერთგული მეგობარია და გაცვეთილი ხელოვნური პროცესები მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

 

რასაკვირველია, არ მჯერა, რომ ამას ადვილად მოვახერხებთ. უფრო მეტიც, ომის დასრულებამდე ავანტიურაში ჩვენი ქვეყნის ჩართვის მცდელობები არ შენელდება. ამიტომ, მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და გავუძლოთ. ეს ქარიშხალიც გადაივლის, როგორც გადაიარა სპარსულმა, ოსმალურმა, მონღოლურმა, არაბულმა, რუსულმა ქარიშხლებმა. ამერიკა ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ სიმართლე უფრო ძლიერია(!), თანაც საქმე ქართველი ერის ბედს ეხება და არა ამერიკელთა აწმყოსა და მომავალს.

 

 

ბიძინა  დვალი

01.07.2022 წ.    

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner