logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

1 ივლისი. 2022. 17:52

 

 

საქართველოს პროკურატურა ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ბრალდებული ჯ.კ. თითქოსდა პროკურატურის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს.

 

პროკურატურის თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი არის სიცრუე და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციის მცდელობას.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ბრალდებული ჯ.კ. თითქოსდა პროკურატურის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს, რაც არის სიცრუე და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციის მცდელობას.

 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება წარუდგინა თაღლითობის და ძალადობის ფაქტზე, ხოლო ამავე საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ ორ პირს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის მარტში, ბრალდებულმა მის ნათესავს გ.ხ.-ს, თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თითქოსდა ქვეგირავნობით, ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ბინა გადასცა.

 

მოკლე დროში, ბრალდებულის ნათესავი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ბინიდან გამოაძევეს, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ფართი დაქირავებული ჰქონდა თავად ბრალდებულს და არ იხდიდა ქირის საფასურს. ზემოაღნიშნული ხერხით, ბრალდებული ნათესავის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა და ნათესავის ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად დროებითი საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

 

ბრალდებულს მისი ნათესავი ბინიდან გამოსახლების შემდეგ, სისტემატურად სთხოვდა გადაცემული თანხის დაბრუნებას, ხოლო ეს უკანასკნელი მასთან კომუნიკაციას მუდმივად თავს არიდებდა. 2022 წლის 18 ივნისს, ნათესავი და მისი მეგობარი ქუთაისში შეხვდნენ ბრალდებულს და მის მეუღლეს, მათ შორის გამართული საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ხ.-მ, ო.გ.-მ და ჯ.კ.-მ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

პროკურატურამ ჯ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის I ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარუდგინა, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.ხ.-ს და ო.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჩადენილი ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

უწყების ცნობით, პროკურატურა, სამივე ბრალდებულის მიმართ, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner