logo_geo
eng_logo
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე კოჯორში აღინიშნა
- +

18 აგვისტო. 2016. 16:07


გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. სასწავლო ცენტრში სერჟანტთა ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის კურსები დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიით დასრულდა. სერჟანტებს კურსის დამამთავრებელი სპეციალური სერტიფიკატები პირადად თავდაცვის მინსტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გადასცეს.


„დღეს კონკრეტული მიზეზით შევიკრიბეთ. დღეს გმირი გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. სერჟანტის, რომელმაც ისტორია შექმნა. გიორგიმ აგვისტოს ომში სიმამაცით, ერთგულებით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით მოწინააღმდეგის გაუგონარ სისასტიკეს ისეთი შეუდრეკელი და მტკიცე სული დაახვედრა, რომ თავად მტერიც გააოცა. 24 წლის ვაჟკაცმა სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დაუთმო. დღეს გიორგიმ თითოეული ქართველის გმირობის ისტორია ხელახლა გააცოცხლა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენც შეგვიძლია, ჩვენც გვევალება ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული სიკვდილი.

 

დღეს თქვენ ასრულებთ სერჟანტთა მომზადების კურსს, ჯარისკაცობა ქვეყნის ერთგულების ფიცია, გმირობისთვის მზაობაა, რისი მაგალითიც გიორგიმ გვიჩვენა. დღეს თქვენთვის ახალი გზა იწყება, ის გზა, რომელიც გასავლელი დაგიტოვათ გიორგიმ. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის სახელს, ღირსეულად ატარებთ გიორგი ანწუხელიძის სახელს. მინდა, თქვენთან ერთად პატივი მივაგო გიორგის ხსოვნას, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენი გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, ჩვენ მისით ვართ მტკიცენი და შეუდრეკელნი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.


კურსები სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე, დაბა კოჯორში მიმდინარეობდა და მასში 97 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სასწავლო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება ტაქტიკურ დავალებებში, ოპერატიული ბრძანების დამუშავება და გაცემაში, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებაში და სხვადასხვა ქვეითთა ვარჯიშებში გაიარეს.


მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპა. უფროსი სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული", მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. გიორგი ანწუხელიძეს 32 წელი შეუსრულდებოდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner