უკრაინამ თურქეთს მარცვლეულით დატვირთული, რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება სთხოვა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
საუბარია გემზე Zhibek Zholy, რომლითაც ბერდიანსკის პორტიდან გაიტანეს 4,5 ათასი ტონა მარცვლეული, რომელიც, კიევის მტკიცებით, უკრაინას ეკუთვნოდა.
Reuters-მა მოიპოვა უკრაინის გენპროკურატურის მიერ თურქეთის იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილი წერილი. მასში ნათქვამია, რომ გემი Zhibek Zholy „თურქეთის ქალაქ კარასუში უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტს ახორციელებს“. უკრაინის გენპროკურატურა წერილში სთხოვს თურქულ მხარეს, „დაათვალიერონ გემი და ამოიღონ მარცვლეულის ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად“.
გემი Zhibek Zholy ყაზახურ კომპანია KTZ Express Shipping-ს ეკუთვნის. მათი განცხადებით, 2021 წლის ოქტომბერში მათ გემი რუსულ „გრინლაინს“ გადასცეს იმ პირობებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადებში „გრინლაინი“ სანქციების ქვეშ არ აღმოჩნდებოდა.