logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
- +

2 ივლისი. 2022. 12:52

 

 

„მსურს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მეზღვაურებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს. ამ დღის აღნიშვნა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიის განვითარებისთვის - საქართველოში მეზღვაურის პროფესია საუკუნეზე მეტს ითვლის, პროფესიულად ძლიერი, კომპეტენტური და ორგანიზებული საზღვაო ტრანსპორტი კი, რა თქმა უნდა, საქართველოში პირველ საზღვაო სანაოსნოს ისტორიას უკავშირდება, რომლის დაარსებიდანაც წელს 55 წელი სრულდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია დიდი სახელმწიფოების დაინტერესება ჩვენი მეზღვაურებით, რაც საქართველოში პასუხისმგებლიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე გემთმფლობელების შემოსვლას უწყობს ხელს. მისივე განცხადებით, ქართული საზღვაო ისტორიის მანძილზე ქართველი მეზღვაური ასოცირდება მაღალ კვალიფიკაციასთან, გამძლეობასთან და სიმამაცესთან.

 

„თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების,  საქართველოში არსებული საზღვაო საგანმანათლებლო სისტემისა და თქვენი მომზადების შედეგია ის, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეზღვაურებს მსოფლიოში. ზუსტად თქვენი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის მიერ და 62-მდე, მათ შორის 19  ევროპული, ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემების გაქვთ სამსახურის უფლება. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო განათლებას, თქვენი პირობების და თქვენთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას  პრიორიტეტად ისახავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი მეზღვაურის დასაქმება საერთაშორისო დონეზე იყოს მოთხოვნადი, პრესტიჟული და დაფასებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებულ გამოწვევებს, როცა ერთ-ერთი დიდი ქვეყანა - უკრაინა საომარ მოქმედებებშია, შესაბამისად,  ყველა მეზღვაური თავისი ქვეყნის სადარაჯოზეა და ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ლევან დავითაშვილმა უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მეზღვაურებს სოლიდარობა გამოუცხადა და ძალიან მოკლე დროში თავიანთ პროფესიულ საქმიანობასთან - გემზე დაბრუნება უსურვა.

 

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკის მინისტრმა საზღვაო სექტორის განვითარების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო 2012 წლიდან მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ახორციელებს  ინვესტირებას საზღვაო განათლებასა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში - მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსაახლებლად 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორისაა უახლესი სტანდარტების მქონე საწვრთნელი აუზი ბათუმში, ხოლო ფოთში სრულად რეაბილიტირებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც სახელმწიფომ 6 მილიონ ლარამდე დახარჯა.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ სისტემას ემსახურება და უზრუნველყოფს საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის დარგის გამართულ ფუნქციონირებას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner