ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსული ძალები ლისიჩანსკის გარშემო უმნიშვნელო წინსვლას აღწევენ. უწყებაში აცხადებენ, რომ რაიონში საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გრძელდება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას სახმელეთო სამიზნეებისთვის.
„რუსეთი აგრძელებს საჰაერო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას სახმელეთო სამიზნეებისთვის, სავარაუდოდ, უფრო ზუსტი თანამედროვე იარაღის მარაგების ნაკლებობის გამო“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშში.
ამასთან, უწყების ცნობით, რაკეტა, რომელიც რუსეთმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისთვის გამოიყენა, დიდი ალბათობით, საბჭოთა პერიოდის Kh-32 ტიპის რაკეტა იყო. „CCTV კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ რაკეტა, რომელმაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს 2022 წლის 27 ივნისს დაარტყა, დიდი ალბათობით Kh-32 იყო. ეს არის საბჭოთა ეპოქის Kh-22 KITCHEN-ის განახლებული ვერსია“, - ნათქვამია ანგარიშში.
უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სარაკეტო სისტემა გაუმჯობესებული ვარიანტია, ის მაინც არ არის ოპტიმიზირებული სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმის მიყენებისთვის, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კოლატერალური ზიანის ალბათობას დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ გამოყენებისას.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, 30 ივნისს ოდესასზე თავდასხმისას რუსულმა ძალებმა Kh-22 KITCHEN-ის რაკეტები გამოიყენეს, რომელიც კიდევ უფრო არაზუსტია.
„ეს იარაღი კიდევ უფრო ნაკლებად ზუსტი და ზუსტი დარტყმების განხორციელებისთვის შეუფერებელია და არაერთხელ გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ბოლო კვირების განმავლობაში“, - ნათქვამია ანგარიშში.