logo_geo
eng_logo
ვარლამ ლიპარტელიანი: ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ასეთ სიტყვებს პრემიერი გეუბნება
- +

18 აგვისტო. 2016. 18:18


რიოს თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გაიხსენა მომენტი, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა სპორტსმენს დაურეკა და გაამხნევა. მისი თქმით, ხალხის თანადგომა და სიყვარული სტიმულს აძლევს, რათა მომავალში უფრო და უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთვის.


„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვღელავდი და გულდაწყვეტილი ვიყავი, ორმაგად უფრო ამაღელვებელი იყო, ის მომენტი, როდესაც იცი, რომ მთელი საქართველო, მთელი ქვეყანა შენს გვერდით დგას. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გამარჯვებას მთელი ერი ელოდა. და როდესაც პრემიერმა დამირეკა,  უფრო გული დამწყდა, იქიდან გამომდინარე, რომ შემეძლო, ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატება მომეტანა. შემეძლო რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა და რომ ვერ შევძელი, გული დამწყდა, თან მესიამოვნა, რომ დამირეკა და ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ.

 

„არ ინერვიულო, დაწყნარდი, შენ ჩვენთვის ჩემპიონი და ერის სიამაყე ხარო", - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები იყო ჩემთვის. ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ასეთ სიტყვებს პრემიერ-მინისტრი გეუბნება. არამარტო პრემიერის, მთელი საქართველოს ემოციები ძალიან დიდი ხანი გამყვება. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვტიროდითო, რაც დიდ სტიმულს მაძლევს იმისა, რომ შემდგომში უფრო და უფრო მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner