22 წლის ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიური თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. ნადირაძემ კანოეში 200 მეტრ სპრინტში საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის ფინალში იასპარეზა და დისტანცია 39.817 წამში დაფარა, პრიზიორებს კი წამის მეასედებით ჩამორჩა. ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ უკრაინელი იური ჩებანი გახდა 39.279 მაჩვენებლით. ზაზა ნადირაძე პირველი სპორტსმენია საქართველოში კანოეს არსებობის მანძილზე, რომელმაც ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ფინალში შეძლო მოხვედრა.
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში 1/2 ფინალში 7 მონაწილეს შორის დისტანცია 40.146 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძე ჯამში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა.
მანამდე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ნადირაძემ წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო რაუნდი და ნახევარფინალში გავიდა.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და 7 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
ზაზა ნადირაძე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ვარჯიშობს. ოლიმპიური თამაშებისთვის ის მცხეთაში, მდინარე მტკვარზე და აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავზე ემზადებოდა. ოლიმპიადის წინ დასკვნითი შეკრება მან პორტუგალიაში გაიარა.
ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის შემდეგ მცხეთელი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია. ვიქტორ კრატასიუკმა ოლიმპიადა 1972 წელს, მიუნხენში მოიგო - წყვილთა შორის (ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ბაიდარით ათას მეტრზე გაიმარჯვა.