logo_geo
eng_logo
კრემლი კრემლია, გინდა მოსკოვის იყოს, გინდა ვაშინგტონის
- +

3 ივლისი. 2022. 14:22

 

 

ჩემი მკითხველის აქტიური თანადგომით, ვაგრძელებ საქართველოში ანტისახელმწიფო პროექტებისა და მათი ღია და ფარული მხარდამჭერების მხილების კამპანიას.

 

 

ქართულ საზოგადოებაში ღრმა შეშფოთებას იწვევს კითხვა, ძირითადი ანტისახელისუფლებო აქტივობები რატომ ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფულით? ცნობილია, რომ ყოველწლიურად ას მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ექსპერტების, საქართველოში მოქმედი ამერიკული საერთაშორისო ინსტიტუტების (NDI, IRI), მედიის (რადიო თავისუფლება), აკერმან-ტრენინგებისა და ვინ მოთვლის კიდევ რა ჯურის წარმონაქმნებისთვის... და თითოეული ცენტი მიმართულია დამნაშავე პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების განხორციელებაზე, რაც არეულობის გზით ამ ბოროტი ძალის ხელისუფლებაში მობრუნებას გულისხმობს.

 

 

რანაირად გინდა ეს ყოველივე ჩასვა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კონტექსტში? ხალხის შეშფოთება ორმაგი შინაარსისაა, თუ შეიძლება ასე ითქვას: ა) ამას სჩადის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული სახელმწიფოს ადმინისტრაცია, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ამერიკის პოლიტიკური ინტერესის(?) გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს; ბ) ანტისახელისუფლებო აქტივობების მუდმივი და უწყვეტი მხარდაჭერა ხალხის არჩევანის, ხალხის ნების საწინააღმდეგო პოზიციის საჯარო დემონსტრირებაა(?).

 

 

დიდ ანალიზს არ მოითხოვს იმ მძიმე დასკვნამდე მისვლა, რომ ხდება უხეში და უსამართლო ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. უფრო მძიმე კი იმ რეალობისთვის თვალის გასწორებაა, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არაფრად დაგიდევენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და ზოგადად, საქართველოს ყველა სახისა და შინაარსის პოზიტიურ ინტერესს.  

 

 

ვის, ვის და ყველაზე კარგად სწორედ ამერიკელ პოლიტიკოსებს მოეხსენებათ, რომ სააკაშვილის მოღალატე, მოძალადე, მძარცველმა და მწამებელმა რეჟიმმა ქართველ ხალხს ათასი ტკივილი და შეურაცხყოფა მოუტანა. მრავალი წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების სია გრძელია. მხოლოდ ერთის გახსენება იკმარებს, თავისი განსაკუთრებულობის გამო - ნაცხელისუფლებამ მიზანმიმართულად გადააბარა რუსეთს, მტერ სახელმწიფოს, ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი...

 

 

რუსული ოკუპაციის პარალელურად, ქართული პოლიტიკის კულისებში (და არა მარტო კულისებში) ამერიკული დოლარების ფრიალი ჩვენს პატარა და ეულ (არავის მფარველობის ქვეშ მყოფ) სახელმწიფოს არ აძლევს მოსვენების, მშვიდად ყოფნისა და აღმშენებლობლობით პროცესებზე კონცენტრირების საშუალებას. ასეთია მწარე რეალობა.

 

 

მე, ბიძინა დვალმა, სამოქალაქო საზოგადოების ერთმა აქტიურმა წევრმა, პირადი რწმენითა და პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და ამ სიტყვების წამკითხველ ყველა ადამიანს მოვუწოდო - დროა ფაქტებს და მოვლენებს ღიად დავარქვათ თავისი სახელები. ჩვენი სამშობლოს ინტერესების დაცვის მხოლოდ ერთი იარაღი გაგვაჩნია - სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე(!).

 

 

უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის და მითუმეტეს, რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის გაღებული ფული ბინძური ფულია. ამერიკის საქართველოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებს ჩვენი ქვეყნისთვის რისი „გაჩალიჩებაც“ სურთ, „ჩვენი ნაძირალას“ პრინციპი ჰქვია. ზესახელმწიფოები ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს მათი გავლენის არეალში მყოფ ქვეყნებში.

 

 

ამერიკის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საბჭოთა იმპერიისგან ბრძოლითა და დიდი მსხვერპლის ფასად თავისუფლების მომპოვებელი ქართველი ერი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, წინ აღუდგება ნეოკოლონიალისტური დამოკიდებულების ყველანაირ მცდელობას - კრემლი კრემლია, გინდა მოსკოვის იყოს და გინდა ვაშინგტონის. წარსულში არც ნებით და არც ძალით არ დავბრუნდებით!

 

 

პირველ ეტაპზე, ამერიკის ხელისუფლებისადმი ჩვენი თავაზიანი მოთხოვნა იქნება, თავი შეიკავონ ქართველი ხალხის მიერ არაერთგზის გამოვლენილი ნებისადმი აგდებული დამოკიდებულებისგან, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში და უსამართლო ჩარევისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ანტისახელისუფლებო და აქედან გამომდინარე, ანტისახელმწიფო სუბიექტებისა და პროექტების დაფინანსება.   

 

 

გმადლობთ, ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით, მაგრამ არ გვინდა...

 

 

ბიძინა  დვალი

03.07.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner