„გუშინდელი დღის შემდეგ, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ, ორგანიზაცია, რომელსაც მთავრობის გადაყენების მოთხოვნა აქვს, პოლიტიკური გაერთიანებაა და არა არასამთავრობო ორგანიზაცია“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უნდა განმარტოს, ეს კონკრეტული პიროვნების პოზიციაა თუ სიმონიშვილის განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას წარმოადენს:
„სამწუხაროდ, გუშინ რიგი ორგანიზაციების მხრიდან მთავრობის გადადგომის მოწოდება მოვისმინეთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კი მთავრობისგან ძალაუფლების განაწილებას მოითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უნდა განმარტოს, ეს კონკრეტული პიროვნების პოზიციაა თუ სიმონიშვილის განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას წარმოადენს. რეალურად მთავრობის ფორმირებას ახდენს არჩევნები და ამომრჩეველი. 2020 წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ხალხმა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა, რაც მას მთავრობის დაკომპლექტების ავალდებულებს. ეს გახლავთ ხალხის დაკვეთა. ძალაუფლების განაწილებას/არ განაწილებას წყვეტს ხალხი და არა კონკრეტული ადამიანის მოთხოვნა. სიმონიშვილი რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადენს, ხალხის არჩევანს პატივს უნდა სცემდეს, ის კი საპირისპიროდ იქცევა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით აბსურდულ მოთხოვნებს აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ვნებებს ვერ თრგუნავენ, სამოქალაქო სექტორის დასუსტებას ახდენენ“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.