მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში არიან ნიდერლანდების ვეტერანების ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი პოლ ჰოფსლოტი, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერი, სამხედრო ვეტერანი სესილია ჯოანა ვან პესკი, ვეტერანების ინსტიტუტის მკვლევარი გიელტ ალგრა და პროფესორი, ფსიქიატრი, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიული მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი ერიკ ვერმეტენი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა. სახელმწიფოსა და სამსახურის მიერ, ვეტერანთათვის ერთობლივად შემუშავებული ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პროგრამები, საკანონმდებლო ინიციატივები, გამოწვევები, რომელთა დასაძლევად, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მომავალ თაობებში ვეტერანთა შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მათი ოჯახის წევრთა თანადგომას, ფსიქორეაბილიტაციას, საზოგადოებაში მათი მეტად ინტეგრაციისთვის პროექტების შემუშავებას და იმ ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომელიც მათ თავიანთი ქვეყნისთვის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გასწიეს.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა და მასპინძლებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოგვიანებით, ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის წევრები ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალს ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ ჰოსპიტლის მედპერსონალს, ვეტერანებს, შემდეგ კი რეაბილიტაცია-ადაპტაციის ცენტრი მოინახულეს, სადაც საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესს და ჰოსპიტლისა და რეაბილიტაციის ცენტრის მიღწევებსა და საჭიროებებს გაეცნენ.
ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის ვიზიტის ინიციატორი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი, შორენა ლორთქიფანიძე გახლავთ. ვიზიტი 9 ივლისამდე გასტანს და ის მიზანად ისახავს, ნიდერლანდებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში მოქმედი ვეტერანთა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას და სამომავლოდ, ქართველ ვეტერანებზე მორგებული, ერთობლივი პროექტების დაგეგმვას. ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნიდერლანდებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად სერიოზული ძალისხმევისა, დღესაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.