„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ბირმინჰემში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში მონაწილეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთო-ს რეგიონში ადამიანების უსაფრთხოებასა და ზოგადად ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება.
რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ ქმედებებზე, რომელმაც ევროპის ცენტრში ომი დააბრუნა და უამრავი დანაკარგისა და იძულებით გადაადგილებული პირის წარმოშობის მიზეზი გახდა.
მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში პარაგრაფი შევიდა.
„ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევით, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციით, ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურის მემკვიდრეობის ძეგლების მოსპობითა და შეცვლით, რაც რუსეთის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის პოლიტიკის“ უშუალო შედეგს წარმოადგენს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის დებატებში.
„საქართველო იყო რუსეთის აგრესიისა და უკანონო ოკუპაციის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რაც საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. უკვე თითქმის 14 წელია, ყოველ წელს, სწორედ ამ ფორუმზე ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ განუყოფელ რეგიონში ადამიანის უფლებების საშინელ, დაძაბულ და უაღრესად არასტაბილურ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებას, რაც ხელს უშლის საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ოჯახებთან, ქონებასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, რელიგიურ სიწმინდეებსა და სასაფლაოებთან, ასევე, ჯანდაცვის, გადაუდებელი დახმარებისა და განათლების სერვისებთან ხელმისაწვდომობას.
მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ ეუთო-ს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.