„ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რამაც სოფელ ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილია, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის მიყენებულ ზარალს და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.
სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან ერთად, იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე, ლევან შერაზადიშვილი.