რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული რეგიონების აღდგენის გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებსაც გააცნო. ვოლოდიმირ ზელესკიმ ვიდეოჩართვის საშუალებით შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ომის შედეგად განადგურებული რეგიონების აღდგენის მისეულ ხედვაზე ისაუბრა და იმ რეფორმების გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არის საჭირო.
„მადლობელი ვარ ევროკომისიის ინიციატივისთვის, შექმნას სპეციალური ევროპული პლატფორმა უკრაინის აღსადგენად, თუმცა ყველა ინიციატივა, გეგმები, ამბიციები ერთიან სისტემაში უნდა იყოს… ამიტომ უკრაინა გამოდის აღდგენის საკუთარი ეროვნული გეგმის შეთავაზებით, რომლის ფუნდამენტზე შესაძლებელი იქნება ყველა ინიციატივის განხორციელება.
სრულფასოვანი წევრობის მიღებისკენ სვლა ითვალისწინებს რეფორმებს, თუმცა უკრაინის აღდგენა ასევე ითვალისწინებს რეფორმებს. ჩვენ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, განვაახლოთ ცხოვრების სტანდარტები. ჩვენი მიზანი ისაა, რომ უკრაინა გახდეს არა მხოლოდ ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე მოსახერხებელი საცხოვრებლად და ბიზნესისთვის, არამედ, ასევე, ჩვენ მათ შორის, ვინც ევროკავშირისკენ მიისწრაფვოდა, ყველაზე სწრაფად შევასრულოთ სამუშაოს პოლიტიკური ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა ზელენსკიმ.