გიორგი ვოლსკის თქმით, ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართვაზე უარს ამბობს, საბოტაჟია. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი აზრით, ამ საბოტაჟს წინ გაწბილება უძღვის, იმის გამო, რომ რეკომენდაციების მთავარი პუნქტი დეპოლარიზაციაა, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა მიიღო.
„არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ექსპერტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში და თუნდაც ვერ მივიდეთ კონსენსუსამდე, იქნება მაღალი დონის, პროფესიონალური დოკუმენტები, სადაც საჭიროა კანონპროექტები, სადაც საჭიროა პოზიციის დაფიქსირება, რომელსაც ვერანაირ ხინჯს ვერ მოუძებნის ვერცერთი საერთაშორისო ექსპერტი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ და ბევრ საკითხზე გვექნება კონსენსუსი იმ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ საქართველოს მომავალზე და არა დესტაბილიზაციაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.