„უკვე ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ. სახალხო დამცველიც, ჩემ მიერ არჩეული, პოლიტიკურ ველზეა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სუბიექტებად იქცნენ, რადგან, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მათ ავტორიტეტს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
„ისინი ელოდნენ, რომ ევროპარლამენტის დიდკალიბრიანი გასროლის, ზეწოლის შემდეგ, პროცესები დაიძვრებოდა, რომლებიც რევოლუციასა და, საბოლოო ჯამში, მეიდანს მოიტანდა, მაგრამ იქ [უკრაინაში] განსხვავებული სიტუაცია იყო - ხელისუფლება ანტიევროპული იყო. როცა დაინახეს, რომ ეს ასე არ გამოდიოდა, „ქართული ოცნების“ არაევროპულად წარმოჩენა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ, სააკაშვილის პერიოდში, ხელისუფლებას არცერთი მუხლი არ ჰქონდა შესრულებული. ამ ყველაფერს ეტყობა, რომ ერთადერთი მიზანი რევოლუციაა და ევროპის დროშა მხოლოდ შირმასავით გამოიყენება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.