რუსეთის შეჩერების მთავარ პირობად უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს 100%-იან ერთიანობას მიიჩნევს. ღამის ტრადიციული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციების შედეგებსა და მათ კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება იძულებული რუსეთი, შეწყვიტოს ომი უკრაინაში. „დემოკრატია და თავისუფლება დაცული იქნება, თუ მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერას შეძლებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი
„მიღებული სანქციები მსოფლიოს პოზიციას ამყარებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თუ ევროკავშირის, აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის ავსტრალიის მსგავსად, იმავე სანქციებს მთელი მსოფლიო 100 %-ით მიიღებს, დარწმუნებული ვარ მსოფლიოსთვის მარტივი არ იქნება, მაგრამ გაცილებით რთული იქნება რუსეთისთვის და იძულებული გახდება, შეწყვიტოს ომი.
სანქციები უნდა ამოქმედდეს არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმების ფუნდამენტურ პრინციპებს - დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანი უფლებების და სხვა მიმართულებით. კრიზისი რომლის წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდა, რუსეთის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.