ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 274 000 ლარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ყველა პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეების არსებობა იმისთვის, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი მთლიანად კეთილმოწყობილია. გარშემო გულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდა. ამ პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულიყო. დაახლოებით, 274 ათასი ლარი დაიხარჯა პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამილახვრის N23-ში არსებული თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 960 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდა, სადაც რბილი საფარი დაიგო. მოედანი შემოიღობა, მოეწყო განათების სისტემა, ასევე, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკი.