ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბარში ქართველ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ხუთეულში მოხვედრა ძალიან დიდი მიღწევაა.
აქვე, ლორთქიფანიძე ეხმაურება ზაზა ნადირაძის მეგობრების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზაზას ძალიან რთულ პირობებში უწევს ვარჯიში, რომ მას საკუთარი ნავიც არ ჰყავს და ინვენტარს საკუთარი ფულით ყიდულობს.
„ზაზა ნადირაძის წარმატება ყველას გაგვიხარდა. მინდა მივულოცო ზაზას და სრულიად საქართველოს ეს წარმატება. ხუთეულში გასვლა ოლიმპიურ თამაშებზე არის ძალიან დიდი მიღწევა. მადლობას ვუხდი ზაზას ამისათვის.
აქვე, მინდა ვთქვა, რომ სოციალურ ქსელში გაჩნდა „საინტერესო" კომენტარები მისი მეგობრების მხრიდან, თითქოს ზაზას საკუთარი ნავიც არ ჰყავს და ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს. ქართველი ნიჩბოსნის მეგობრები სახელმწიფოს მიმართავენ თხოვნით, რომ იზრუნონ მასზე და შეუქმნან სათანადო პირობები.
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, მინდა გავაკეთო ასეთი განმარტება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ნიჩბოსნობის ბაზა, რომელიც იყო ახლანდელი იუსტიციის სახლის ადგილზე თითქმის 20 წლის წინ გაიყიდა (რა, როგორ, ეგ სხვა საკითხია) და დღეს არ აქვთ ისეთი ბაზა, როგორიც ჩვენს სპორტსმენებს ეკადრებათ. ვფიქრობ, ის ინფორმაციები რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში, თუ სიმართლეს შეეფერება, რა თქმა უნდა იმსახურებს ყურადღებას", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.
დათო ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო ნამდვილად ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამისთვის რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მიღწევებისა და პერსპექტივების შესაბამისად ნაწილდება სპორტის სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციებზე.
„სახელმწიფო ნამდვილად ზრუნავს საქართველოში სპორტის განვითარებაზე.
პარლამენტის სპორტისა და ახალგზრდობის კომიტეტს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით თვისობრივად სხვა მიდგომა გვაქვს ფედერაციებთან მიმართებაში. სპორტის სამინისტროსთან არსებობს კომისია, რომელიც აწარმოებს ფედერაციების აღიარებისა და მათი დაფინანსების განსაზღვრის პოლიტიკას. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2016 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში, სპორტის სამინისტროს აქვს „სპორტის განვითარების და ხელშეწყობის ღონისძიებების მუხლი, რომელშიც გათვალისწინებული აქვს 59 მილიონ ლარამდე, რომელშიც არის ასე ვთქვათ ქვეპროგრამა „სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების.“ რისთვისაც დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, გარდა ამისა, არის „სპორტის საწყლოსნო სახეობათა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა“, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 1 800 000 ლარი.
სპორტის სამინისტროს კომისიის განხილვის შედეგად წინა წლის მიღწეული წარმატებებისა და პერსპექტივების მიხედვით ყველა აღიარებულ ფედერაციებს გამოეყო სათანადო თანხები და ვფიქრობ, ეს თემა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები, საზოგადოებისთვის აუცილებლად ცნობილი უნდა გახდეს ყველაფერი.
სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ან საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული, ან მაშინ ადგილზეა რაიმე პრობლემა. მე როგორც პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები და გაცნობებთ", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.