logo_geo
eng_logo
„მამაკაცი მას მუზად უნდოდა და არა - ქმრად“ - ანა კალანდაძის დიდი სიყვარული
- +

18 აგვისტო. 2016. 22:55


თინა ყანდარელს ანა კალანდაძის არქივში წერილი უნახავს, იმ კაცის მოწერილი. „ის", თურმე, მთაში ქეიფობდა და ანას სადღეგრძელოს რომ სვამდა, პეპელა დაფრენილა მის ჭიქაზე...


ვის ეტრფოდა პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე და ვინ იყო მისი ლექსების მუზა? - ანა კალანდაძის ძმის მეუღლე, ქალბატონი თინა ყანდარელი ბევრისთვის „უცნობ" ქალბატონ ანას შეგვახვედრებს:


- მათ ოჯახში 24 წლისა შევედი. ანა ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. თავდაპირველად მასთან ძალიან მორიდებულად ვიყავი. მოგვიანებით, როცა ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით, მივხვდი, რომ ქალი, რომელიც ყვავილის ფერს, ღრუბლის ფორმას, ნიავისა თუ ქარის ქროლვას არამიწიერად ხედავს, განიცდის, შეუძლებელია ჩემნაირი ყოფილიყო.

 

-  ქალბატონო თინა, რით გამოიხატებოდა ანა კალანდაძის უცნაურობა, არამიწიერობა?


- ძალიან გულდახურული იყო. შეეძლო, წლობით შეენახა საკუთარი ამბავი და დიდი ხნის შემდეგ ეთქვა. ზედმეტი შეკითხვა-გამოკითხვა არ სიამოვნებდა, არ უყვარდა, როცა რაღაც გინდოდა, გეთქმევინებინა მისთვის. მოძალადეობას ვერ იტანდა და მეც ყოველთვის ვცდილობდი, ზედმეტად არ შემეწუხებინა, მაგრამ მალევე მოვიდა პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად შემომივლიდა და დაიწყებდა: რაღაც უნდა გითხრაო... მერე დააყოლებდა: არა, არ გეტყვიო. - მაშინ რატომ იწყებდი? თუმცა სულაც არც მაინტერესებს-მეთქი, - ვითომ უკმეხად რომ ვუპასუხებდი, გაიღიმებდა და გამიხმობდა ჩვენს ე. წ. ბუდუარში - სამზარეულოში და საათობით ვსაუბრობდით. ხანდახან ბრაზობდა: ამხელა ქალი შემოვდივარ, ჩემს ამდენ ამბავს გიყვები, შენ კი საკუთარს არაფერს მეუბნებიო. - აბა, არაფერი მაქვს მოსაყოლი-მეთქი, - ვამშვიდებდი. ხანდახან, მოყოლის წინ იტყოდა, რაღაცას გეტყვი და არსად წამოგცდესო, არადა, კარგად იცოდა, სიტყვაც არსად დამცდებოდა... ახლაც, ღმერთო მაპატიე, ამდენს რომ ვლაპარაკობ... ასე მგონია, მისმენს და „იქიდან" მიქნევს თითს.


- ანა კალანდაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები სავსეა სიყვარულით, ოჯახი არ შეუქმნია. მაგრამ შეუძლებელია, არავინ ჰყვარებოდა და ვფიქრობ, გეცოდინებათ, ვინც უყვარდა.


- ეგეც ანას უცნაურობა იყო - მამაკაცი მას მუზად უნდოდა და არა - ქმრად. თავის სიყვარულს ყველასგან საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ საოცრად ლამაზად აბნევდა ლექსებში. არ გაუმჟღავნებია, ვინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ამოვიცანი ლექსებიდან და რომ ვუთხარი, თითი დამიქნია, თითქოს გამიჯავრდა, თუმცა მივხვდი, არ წყენია. მერე კი, ხშირად მელაპარაკებოდა სიყვარულზე.

 

- მისი „სიყვარულიც" პოეტი იყო?


- არა. ისეთი აბსტრაქტული იყო ეს სიყვარული, ანა მისი ცოლი არასდროს გახდებოდა. საკმაოდ ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ვერაფრით იეჭვებდა, ანას თუ უყვარდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამდენი ლამაზი ლექსი მისთვის იწერებოდა... და ამ ქვეყნიდანაც ისე წავიდა, არაფერი გაუგია. ანას გატაცებები ალბათ მანამდეც ჰქონდა და მას მერეც. თუნდაც ლექსები მთის ციკლიდან... ის ვაჟკაცობას ეტრფოდა და სწორედ მთაში გაიცნო ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, მთის ლექსებიც მას ეკუთვნოდა.


- ლურჯთვალა, ხომ?


- კი... ჩანს, გახსოვთ: „თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას/ სძინავს უთვალავს.../ როცა ისინი მოიშორებენ/ თოვლის სუდარას,/ მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,/ ჩემო ლურჯთვალავ..." ეს იყო ანას სიყვარული, ასეთი ძვირფასი ლექსები რომ დააწერინა... ერთხელ ვუთხარი, შენზე და იმ მამაკაცზე ამბობენ, ერთმანეთი უყვარდათო. - არა, მე არა... - თან დააყოლა: ისე, კარგი ვინმე კი იყოო.


„ვაჟაო, დილის მზის სხივო./ ხან მთებზე ნისლთა დინებავ,/ შუაფხოდან რომ მიდიხარ,/ გული რად გაგეტირება?/ შენ თუ არ იცი მიზეზი,/ აბა, ვის ეცოდინება?/ გადმოდი, გადმოაშუქე/ ლურჯ თხილიანას კალთები./ რა დაშავდება? არც რაი:/ გნახავ და... გამეხარდები!" - ამ მთიელი ვაჟკაცის სახელს ვერ გამიმხელთ-მეთქი? - ვკითხე ქალბატონ თინას. - არა, არა... ანასი მეშინია კიდევო, სიცილით მომიგო, - დღეს არც ის ადამიანია ცოცხალი. ალბათ, დადგება მომენტი, ყველაფერს რომ გამოვაქვეყნებთ და დავწერთ, მაგრამ... ჯერ არა.


თინა ყანდარელს ანა კალანდაძის არქივში წერილი უნახავს, იმ კაცის მოწერილი. „ის", თურმე, მთაში ქეიფობდა და ანას სადღეგრძელოს რომ სვამდა, პეპელა დაფრენილა მის ჭიქაზე... კარგა ხნის შემდეგ, ანას ლექსებს უკვე მერამდენედ რომ კითხულობდა, ქალბატონი თინა ორ ულამაზეს ლექსს წაწყდომია ამ პეპელაზე: „... ხელს ვინ გახლებს, უკადრისავ?/ თვალნი აგიტირდებიან.../ ეს პეპლები, ეს ფუტკრები/ რაღას გადაგკიდებიან?"...


ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner