სამ წელზე ნაკლები ხნის წინ, ბორის ჯონსონის მეთაურობით, კონსერვატორებმა 1987 წლის შემდეგ პირველად, არჩევნებში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწიეს. ახლა კი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა პარლამენტის წევრთა მხარდაჭერა დაკარგა და გადადგომას აპირებს. თუ რამ გამოიწვია ეს, BBC-მ გაარკვია.
კრის პინჩერის საქმე
29 ივნისს, კონსერვატორი დეპუტატი კრის პინჩერი ლონდონის კერძო წევრთა კლუბში წავიდა. პარლამენტარის განმარტებით, მან "ძალიან ბევრი დალია" და "თავი შეირცხვინა". მას ორი კაცის შევიწროებაში ედებოდა ბრალი. ამან გამოიწვია ბრალდებების ნაკადი, რომელთაგან ზოგიერთიც წლების წინ იყო დაფიქსირებული. აღნიშნული ფაქტით შეიკრა მოვლენების ჯაჭვი, რომელიც პრემიერის დაცემით დასრულდა.
პირველ რიგში, დაუნინგ-სტრიტმა განაცხადა, რომ ბატონი ჯონსონი პინჩერის შესახებ არსებულ „კონკრეტული ბრალდებებზე" ინფორმირებული არ იყო თებერვალში, როდესაც პრემიერმინისტრმა კონსერვატორი დეპუტატი დააწინაურა. მინისტრებმა მოგვიანებით ეს ხაზი გააგრძელეს მიუხედავად იმისა, რომ ის არასწორი აღმოჩნდა. 4 ივლისს, BBC-მ განაცხადა, რომ ბორის ჯონსონმა ოფიციალური საჩივრის შესახებ ყველაფერი იცოდა. მეორე დღეს, ყოფილმა საჯარო მოხელემ, ლორდ მაკდონალდმა თქვა, რომ საჩივრის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრს პირადად გააცნეს. ამის შემდეგ ჯონსონმა აღიარა, რომ მას 2019 წელს ამ ინციდენტის შესახებ ესაუბრნენ და პინჩერის დაწინაურებისთვის ბოდიში მოიხადა.
Partygate
მიმდინარე წლის აპრილში, ბორის ჯონსონი „ლოქდაუნის“ წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ფაქტი 2020 წლის ივნისში, მის დაბადების დღესთან დაკავშირებულ შეკრებაზე მოხდა. ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა პირველი „ლოქდაუნის“ დროს დაუნინგ- სტრიტის ბაღში გამართულ წვეულებასთან დაკავშირებითაც, რომლის სლოგანი იყო - „მოიტანე შენი საკუთარი სასმელი“. უფრო მეტიც, მეტროპოლიტენის პოლიციამ დაუნინგ-სტრიტსა და უაითჰოლში შეზღუდვის წესების დარღვევისთვის 83 ადამიანს 126 ჯარიმა გამოუწერა. თავის მხრივ, უფროსი საჯარო მოხელის, სიუ გრეის მოხსენებაში აღწერილია პოლიტიკური პერსონალის მიერ ორგანიზებული სოციალური წვეულებების სერია, რომლებითაც „ლოქდაუნის“ წესები დაირღვა.
„ცენტრის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ - როგორც პოლიტიკურმა, ისე ოფიციალურმა, ამ კულტურაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ - წერს სიუ გრეი. გასული წლის დეკემბერში, ბორის ჯონსონმა თემთა პალატას განუცხადა, რომ ”ყველა მითითება სრულად იყო დაცული #10-ში”. ახლა თემთა პალატის კომიტეტი იძიებს, შეგნებულად შეჰყავდა თუ არა შეცდომაში მას პარლამენტი.
არსებობის ღირებულების კრიზისი და გადასახადების ზრდა
2022 წელს ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა და ამჟამინდელ მაჩვენებელს- 9,1%-ს მიაღწია. ამის გამომწვევი ბევრი მიზეზი ბორის ჯონსონის კონტროლს მიღმა იყო. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნავთობის ფასების ზრდა და საკვების ღირებულების მატება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა (1 ლიტრი საწვავის ფასი 5 პენით დაწია), მან აპრილში გადასახადები გაზარდა. მათ შორის, ეს შეეხო ეროვნულ დაზღვევას. „ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების პირობების ყველაზე საშინელი კრიზისის შუაგულში მთავრობა ირჩევს, მშრომელ ადამიანებს გადასახადები გაუზარდოს“, - განაცხადა მაშინ ლეიბორისტების ლიდერმა სერ კირ სტარმერმა.
ოუენ პატერსონის საქმე
2021 წლის ოქტომბერში თემთა პალატის კომიტეტმა მაშინდელი კონსერვატორი დეპუტატის, ოუენ პატერსონის უფლებამოსილების 30-დღიანი შეჩერების რეკომენდაცია გასცა. როგორც კომიტეტში განაცხადეს, მან ლობისტური საქმიანობის წესები დაარღვია და შეეცადა სარგებელი მიეღოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც მას გადაუხადეს. თუმცა კონსერვატორებმა, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ამ ინიციატივის შეჩერებას მისცეს ხმა და შექმნეს ახალი კომიტეტი, რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ ჩატარდა გამოძიება. პროტესტის შემდეგ, ბატონმა პატერსონმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ ის საქმის განხილვაში ჩართული იყო.
ფოკუსისა და იდეების ნაკლებობა
ბორის ჯონსონმა თავისი უმრავლესობა მოიპოვა მკაფიო და ადვილად შესასრულებელი პოლიტიკით, რომლის მიზანიც „ბრექსიტის“ დასრულება იყო. თუმცა მას შემდეგ, როგორც მისი კრიტიკოსები ამბობდნენ, დაუნინგ- სტრიტზე ფოკუსისა და იდეების ნაკლებობა იგრძნობოდა. ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა, რომელიც შემდეგ მისი მთავარი კრიტიკოსი გახდა, არაერთხელ დაადანაშაულა პრემიერმინისტრი, რომ ის არის უკონტროლო სავაჭრო ურიკა, რომელიც წინ და უკან ტრიალებს.
სხვები ეჭვქვეშ აყენებდნენ პრემიერმინისტრის ფილოსოფიას. ზოგიერთი კი იმასაც ამბობდა, რომ საკითხავი იყო, ჰქონდა თუ არა მას ეს საერთოდ. ივნისში, კონსერვატორმა დეპუტატმა და ყოფილმა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ჯონსონი „კეთილსინდისიერების, კომპეტენციისა და ხედვის ნაკლებობაში „დაადანაშაულა. ეს უკანასკნელი ამას ამბობდა ნდობის გამოსაცხადებელი კენჭისყრის წინ, რომელიც ბორის ჯონსონმა მოიგო, მაგრამ საჩივრები სულ უფრო მომრავლდა. თუმცა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ის „ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას" არ აპირებს. მაგრამ ეს კონსერვატორი დეპუტატების საზრუნავი აღარ არის. მათ თქვეს და პრემიერმინისტრი მიდის.