logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში
- +

8 ივლისი. 2022. 01:55

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა და გაერთიანებულ სამეფოში უკრიანის ყველა მეგობარმა ის ამაში დაარწმუნეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„მე ველაპარაკე ბორის ჯონსონს დღეს და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსული ტერორის პირველივე დღიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იარაღი: საჰაერო თავდაცვის კომპლექსები – „სტინგერები“, მსხვილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები NLAW, ასევე არტილერია, საბრძოლო მასალები, ჯავშანმანქანები და მრავალი სხვა. წონიანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები, ფინანსური დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის – მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებისთვის 24 თებერვლიდან გამოყოფილია ორ მილიარდ ფუნტზე მეტი. თავისუფლების დაცვაში ბრიტანეთის როლი ნამდვილად გლობალურია. იმის მიუხედავად, რომ ეს არის ბრიტანული საზოგადოების პოზიციის ასახვა, სახელმწიფოს ხელმძღვანელის ლიდერობას და ქარიზმას ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მით უმეტეს, ასეთ დროს – რუსეთის მასშტაბური ანტიევროპული ომის დროს, რომელიც ევროპაზე თავდასხმით ჩვენი სახელმწიფოდან დაიწყო. გასაკვირი არაა, რომ უკრაინელები გრძნობენ ბორისისადმი პირად მადლიერებას. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ურთიერთობებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ვაშენებთ. დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში – ბორისმაც და გაერთიანებულ სამეფოში ყველა ჩვენმა მეგობარმა ამაში დამარწმუნეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კიევში ამერიკელ სენატორებთან, ლინდსი გრემთან და რიჩარდ ბლუმენტალთან შეხვედრაზე.

 

„ისინი წარმოადგენენ ორივე პარტიას, რესპუბლიკურს და დემოკრატიულს და ორივე ძალიან პრინციპულად უჭერს მხარს უკრაინას. სწორედ ისინი გახდნენ რეზოლუციის ავტორები, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს აღიაროს. მადლობა გადავუხადე მათ აქტიურობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ის შედეგამდე იქნება მიყვანილი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, სენატორებს მიაწოდა ინფორმაცია ფრონტის წინა ხაზზე არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რისთვის ემზადებიან ოკუპანტები.

 

„კერძოდ, საუბარი იყო დონბასზე, ჩვენი ქვეყნის სამხრეთზე, ხარკოვის ოლქზე. დღეს რუსეთის არმიამ კვლავ დაარტყა კრამატორსკს და ისევ რაკეტებით. ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვისა და დონბასის ქალაქები… თითოეულ მიმართულებაზე ჩვენს პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენს თავდაცვით საჭიროებებზე. ეს ეხება საჰაერო თავდაცვას, თანამედროვე რეაქტიულ არტილერიას. რაც მეტი იქნება უკრაინის თავდაცვითი დახმარება, მით სწრაფად დასრულდება ომი ჩვენი გამარჯვებით და ნაკლები იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ზარალი, აშშ-ის ზარალი დემოკრატიულ საზოგადოებებზე რუსეთის ზეწოლისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner