იაპონიის ქალაქ ნარაში უცხო პირმა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინიტრს, სინძო აბეს ცეცხლი გაუხსნა. როგორც BBC წერს, იაპონიის მოქმედი პრემიერის, ფუმიო კისიდას განცხადებით, აბეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა კაცმა სინძო აბეს ზურგში ორჯერ მაშინ ესროლა, როდესაც ის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა.
პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 41 წლის იამაგამი ტეცუია შემთხვევის ადგილზე დააკავა. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
67 წლის სინძო აბე თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩება.