„LIBER AMICORUM – მინდია უგრეხელიძე 80“ − ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მკითხველს ღვაწლმოსილი ქართველი იურისტის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოუთხრობს. წიგნის პრეზენტაცია მეცნიერის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტური და საარქივო მასალა, ბიოგრაფიული დეტალების გარდა, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის უახლეს ისტორიას ასახავს. ქართული იურიდიული მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებისა და დიპლომატიის ისტორიის გარდამტეხ ეტაპებთან ერთად, წიგნი აცოცხლებს იმ გზას, რომელიც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ევროპულ სამართლებრივ სივრცეში გაიხსნა. მინდია უგრეხელიძე იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე და ევროსაბჭოს ამ წამყვან ინსტიტუტთან საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციის“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციისა“ და „ვენეციის კომისიის“ წევრი, ასევე, 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი.
ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებას დღეს მინდია უგრეხელიძე იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მრჩევლის სტატუსითაც განაგრძობს. ის სამინისტროს ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორია, რომლის მიზანი მეცნიერებაზე დაფუძნებული კანონმდებლობის განვითარება და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებაა. ცნობილი მეცნიერი აქტიურად მონაწილეობს სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვაშიც, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.
„ბატონმა მინდიამ ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში; იგი არის ქართველი იურისტების არაერთი თაობის აღმზრდელი და წარუშლელ კვალს ტოვებს ქართული სამართლის განვითარებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველმა მოსამართლემ უშუალო მონაწილეობა მიიღო ევროპული ღირებულებების ფორმირებაში და ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბატონი მინდია უგრეხელიძე არის ადამიანის განსახიერება, რომელიც არის „ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი“. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ მივიღოთ რჩევები ბატონი მინდიასგან. მინდა, გულითადად მივულოცო იუბილე და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წიგნი გამოსაცემად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ბექა ქანთარიამ მოამზადა. პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები; მინდია უგრეხელიძის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.