„გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით" შეჯახება გახდა,“ - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს. პოლიციაში მიღებული შეტყობინებით, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საკუთარი ძმის მიერ სოფელ საკობიანოს საავტომობილო გზაზე ნანახი იქნა 1975 წელს დაბადებული ა.ჭ., რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები. ოჯახის წევრის მიერ იმავე ღამეს ა.ჭ. მიყვანილი იქნა საცხოვრებელ სახლში, სადაც დილას გარდაცვლილი დახვდა.
პოლიციამ ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს მოქალაქე პოლიციის მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.