logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
- +

8 ივლისი. 2022. 19:32

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ონდრჟეი ბენეშიკს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ონდრჟეი კოლარჟს შეხვდა.

 

მხარეებმა განიხილეს ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, სამომავლო გეგმებზე და რეგიონში არსებული ვითარების ფონზე კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ჩეხეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

 

ონდრჟეი ბენეშიკმა და ონდრჟეი კოლარჟმა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა და საქართველოსთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და თავმჯდომარეობისას, ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევის მიმართულებით.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

 

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხ კოლეგებს პრაღაში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner