logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: აფხაზი ასტამურ აჩბა თბილისის სამკაული იყო...
- +

ავტორი მაია კახიძე

19 აგვისტო. 2016. 01:53


იმ ჩემი ბავშვობის თბილისში მეგობრობაც დიდებული იცოდნენ და ზღვარს გადასვლა ხომ...რამდენი რამ ხდებოდა, მაშინდელ ამბებს, ჩემი უფროსი მეგობარი, გიზო ნიშნინიძე მიყვებოდა. ჩემი და ბატონი გიზოს მეგობრობა ყველამ იცის.


ვერა, მაინც ვერ დავასრულე მასთან ვერც პაემანი და ვერც  თბილისზე და თბილისელებზე საუბარი.


არადა, რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა უაზრო და ჯიბრიან გარჩევებს, თან, ისეთი ე.წ. ,,მიზეზებით", მიზეზსაც რომ არ დაარქმევს ადამიანი. ყოველთვის იყვნენ გარეწრები, რომლებიც სამართლიანად მოხვედრილ მუშტს დანით ან იარაღით პასუხობდნენ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში,  ,,გარჩევები" მკვლელობით მთავრდებოდა იმ თბილისში, თუმცა არც დღევანდელობას აკლია მსგავსი ფაქტები.


ერთი მკვლელობა მინდა გამახსენდა, რომელზეც ბატონი გიზოც მიამბობდა და ბატონი ქართლოს კასრაძეც, ჩემი უფროსი მეგობრები.


თბილისს მართლა ამშვენებდაო აფხაზი ასტამურ აჩბა. ყველგან მიღებული იყო და დიდი სამეგობროც ჰყოლია. თბილისს უყვარდა  ასტამური და ისიც გულში იკრავდაო თბილისს. ერთ დღეს კი აწრიალდა დედაქალაქი, ვინ ვის რას არ უყვებოდა ასტამურზე, უფრო სწორად, მის მკვლელობაზე.  ჰო, ასტამური მოკლესოო...


ხმა გავარდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა მოკლაო, იმასაც ამბობდნენ,  თურმე - სომეხმაო...მე კი სხვა ამბავი ვიცი ამ მკვლელობაზე.

ასტამურ აჩბას მკვლელი, არც სომეხი გახლდათ, და არც ე.წ. კანონიერი ქურდი. მისი სახელი და გვარი იყო ფარვიზ ძაგნიძე. იგი სამხატვრო აკადემიის ბოლო კურსზე სწვალობდა და მთაწმინდაზე ცხოვრობდა.


უმამოდ გაიზარდა, ისევე როგორც ასტამურ აჩბა.


ფარვიზ ძაგნიძე ნიჭიერი მხატვარი იყო, მაგრამ ქუჩაში მისი ბევრს ეშინოდა. მუდამ გაყინული სახით და ცივი თვალებით იმზირებოდა,  თურმე.



მკვლელობა მოხდა სასტუმრო ,,თბილისის" (დღევანდელი ,,თბილისი მარიოტის" ) ჰოლში. ძაგნიძე იჯდა რესტორანში, თავის მეგობართან,  მამუკა ასათიანთან და თავის საცოლესთან ერთად (აბესაძე იყო ის გოგო გვარად). იმ საღამოს რესტორანში შესულა ასტამურ აჩბა, რომელიც იმ  დროს საკმაოდ ცნობილი იყო თავისი სქმიანობით, დღეს რომ ბიზნესს ვეძახით და ჩვეულებად ჰქონდა, თუ სადმე რესტორანში შევიდოდა, უცნობებსაც კი თავისი ხარჯით უგზავნიდა სასმელს და ა.შ. მან იმ ავადსაახსენებელ დღეს, მისთვის უცნობ ძაგნიძესაც გაუგზავნა შამპანური და ხილი, რაც ძაგნიძემ, რატომღაც შეურაცხყოფად მიიღო და სიტუაცია დაიძაბა. შელაპარაკდნენ, და აჩბამ ძაგნიძეს ,,ლაწირაკი,, უწოდა (აჩბა საკმაოდ უფროსი გახლდათ ძაგნიძეზე), მაგრამ დაძბულობა განიმუხტა თითქოს.


აჩბამ გააგრძელა ქეიფი მის მრავალრიცოხვან მეგობრებთან ერთად...


ძაგნიძემ დატოვა ,,ცოტა ხნით" თავის მეგობარი და საცოლე, ჩუმად  გავიდა რესტორნიდან და დაახლოვებით 30 წუთში დაბრუნდა... შეიარაღებული...სასტუმროში რომ შევიდა, ჰოლში, ნასვამი აჩბა მეგობარს ემშვიდობებოდა. ძაგნიძემ მას აი, ქუჩაში გასვლა მოსთხოვა, რაზეც ისევ მიიღო პასუხად -,,შე ლაწირაკო, კიდევ აქ ხარო?"- ძაგნიძემ წამზე უსწრაფესად ამოიღო იარაღი და ორჯერ ესროლა აჩბას. დაჭრილი დროზე კი გადაიყვანეს კამოს ქუჩაზე, საავადმყოფოში, თუმცა,რამდენიმე დღეღა იცოცხლა და 4-5 დღეს მერე გარდაიცვლა...


აი, ძაგნიძე კი მკვლელობის ადგილიდან გაიქცა. ცოტა ხნაში ძებნაც გამოცხადდა მასზე.


შემდეგ ძაგნიძე და თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს.

თუმცა სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა.


ძაგნიძე გაასამართლეს და დახვრიტეს... ჰო, სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. მამუკა ასათიანს, მის მეგობარს კი 8 წელი.


პ.ს. აი, რაც მიამბეს. ჰო, ასე ამბობდნენ: ასტამური თბილისის სამკაული იყოო... ეეჰ, სასიკვდილოდ როგორ იმეტებენ ერთმანეთს ამ პატარა საქართველოში? განა, რა იმდენი ჩვენ ვართ?!               



 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner