შვეიცარიაში თანხებია გაჩერებული და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ დე-ფაქტო სანქციებია ამოქმედებული ადამიანის მიმართ. ამას დაემატა წერილი, სადაც პირდაპირ რეზოლუციაზეა მითითება და ის რეზოლუციაც მარტივად არ არის დაკოორდინირებული და მიღებული. ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს იმდენად უსამართლო, ფეიკითა და სიყალბით სავსეა ეს რეზოლუცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბანკისთვის საბაბად იქცა ეს რეზოლუცია, რომ გაემყარებინა თავისი არაფორმალური სანქცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
მან ასევე, ისაუბრა ვარაუდებზე, თუ რა ინტერესი შეიძლება არსებობდეს ადამიანის მიმართ, რომელიც პოლიტიკიდან წასულია.
„ბანკისთვის საბაბად იქცა ეს რეზოლუცია, რომ გაემყარებინა თავისი არაფორმალური სანქცია რაღაც ფორმალური დოკუმენტით. ანუ, რაღაც კოორდინაცია აქაც იკვრება. თან 308 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, სამმა ხომ არ მისცა? ანუ რაღაცაშია აშკარად საქმე. შემდეგ, კითხვებია, რა შეიძლება უნდოდეთ ბიძინა ივანიშვილისგან? პოლიტიკაში არ არის ჩართული, გასულია, არაფერს არ აკეთებს. თუ არ აკეთებს, გამოდის, რაღაც უნდათ, რომ გააკეთოს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, სად არის ეს კოორდინაცია, საერთოდ არ მინდა ამ სიღრმეებში შესვლა, მაგრამ ბუნებრივია, საზოგადოებასაც უჩნდება ეს კითხვები. რა არის მთავარი? ერთ რამეს ვიტყვი. მთავარი არის ის რომ, ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება ერთი მარტივი მიზეზის გამო - საზოგადოების თანადგომა არ აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც უნდა აღასრულონ საქართველოში ეს გეგმა, ანუ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მითუმეტეს, ამ ფონზე. ყველამ კარგად დაინახა, რას შეიძლება ნიშნავდეს ომი საქართველოსთვის. უკრაინაში რაც ხდება, დღითი დღე უფრო მძიმდება ვითარება, როგორც ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. 400-მდე ბავშვია უკვე გარდაცვლილი. ინფრასტრუქტურა განადგურებული, 10 ათასობით ადამიანია გარდაცვლილი და ყოველი მესამე ლტოლვილად, ან დევნილად არის ქცეული. ეს არის სრული კატასტროფა. საქართველო, რომელიც 10-ჯერ პატარა ქვეყანაა უკრაინასთან შედარებით, ბუნებრივია, ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ამას ხომ უყურებს ჩვენი საზოგადოება, რას გადავრჩით, ხომ ხედავს? საფრთხე რეალური იყო და არა მარტო იყო, ახლაც არის“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებაში იქმნებოდა განწყობები, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში.
,,გამოდის გიგაური და ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა. ანუ, გიგაური, ლომჯარია და სხვები აზრის მომწიფებას ცდილობდნენ. საინტერესო რაღაც თქვა ხიდაშელმა, რომ განწყობა არის საჭირო, ანუ ამ განწყობას ქმნიდნენ, განწყობა თუ გაქვს, შეგვიძლია, შევასკდეთ და დაიხოცოს მთელი მოსახლეობა და ეს განწყობა იქმნებოდა მათი მხრიდან. ამას ემსახურებოდა ზუსტად ეს განცხადებები, თავიდანვე ცდილობდნენ განწყობის შექმნას, სწორედ ამ განცხადებებით. მერე შეაჩერეს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გამოუვიდათ. საზოგადოება დადგა მშვიდობის მხარეს და არა გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის და მარგველაშვილის მხარეს. საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს და მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას. შეგახსენებთ, რომ გარდა ამ განცხადებებისა, პირდაპირი პროვოკაციები იყო შემოთავაზებული, რაც პირდაპირ გულისხმობდა ქვეყნის გახვევას სამხედრო მოქმედებებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ხაზი გაუსვა სანქციებზე მიერთების თემას და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა.
„ჯერ იყო სანქციები და სანქციებთან მიერთება ნიშნავდა რისკების მინიმუმ გახუთმაგებას. ერთი, რომ ეკონომიკურად ჩვენთვის იქნებოდა უბედურება, რუსეთისთვის - არაფერი. მხოლოდ საკუთარ თავს დავსჯიდით ამ სანქციებით. მეორე, თვითმფრინავის გაშვება, ეს უფრო მძიმე იყო, რადგან პირდაპირ სამხედრო მოქმედებებში ჩართვას ნიშნავდა. აქეთკენ მოგვიწოდებდა ზუსტად იგივე ხალხი. შესაბამისად, ეს იყო აბსოლუტურად ხელშესახები რისკები, მათ შორის, შიდა პროვოკაციების მიზნით. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც უკრაინის ომის ფონზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა საპროტესტო აქციები. რატომ იყო საქართველო ამით გამორჩეული? იმიტომ, რომ ვიღაცას ჰქონდა მაინც და მაინც საქართველოში ომის გაჩაღების ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.