დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განხილავს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე დღის წინ მიიღო.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნო. საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება.
სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.