ავტორი ბიძინა დვალი
ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება საქართველოში ევროკავშირისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ დღითიდღე მატულობს.
ყველა ნორმალური ქართველისთვის, ანუ ყველა არანაცისთვის, პროდასავლურობა ჩვენს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზარი, საკუთრების ხელშეუხებლობა,..) დამკვიდრებას ნიშნავს, იმ წესებით ცხოვრებას ნიშნავს, რაც დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს თავისი მოქალაქეებისთვის სურთ.
ნაცპარტიისთვის პროდასავლურობა დასავლეთის პოლიტიკური მამების დავალებების ბრმა აღსრულებას გულისხმობს, ერთადერთი პირობის, თავის ქვეყანაში შეუზღუდავი ბოგინის სანაცვლოდ. ჩემ მიერ „ნორმალურ ქართველებად“ სახელდებულმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ „აღმოვაჩინეთ“, რომ ნაცპარტიის დამოკიდებულება იმ დამოკიდებულების პირდაპირი ანარეკლია, რაც ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გააჩნია ჩვენ მიმართ(?!). პოლიტიკის თეორეტიკოსები ამას ნეოკოლონიალიზმს უწოდებენ.
„ქართულ-ამერიკული ურთიერთობის“ აღნიშნული ფორმის „სიკეთეები“ ერთხელ უკვე ვიწვნიეთ საკუთარ თავზე 2003-2012 წლებში, ამიტომ, იმავე მდინარეში მეორედ შერეკვის მცდელობებს არავითარ შემთხვევაში აღარ დავუშვებთ. წესით, ამერიკელი „მეგობრები“ ამას უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ... როგორც უკვე არაერთხელ ითქვა - კრემლი კრემლია, გინდა მოსკოვის იყოს და გინდა ვაშინგტონის.
დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ეპოქის შემდგომ პერიოდში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, საერთო აღიარებით, უწყვეტი დაღმავალი ტრაექტორიით ხასიათდებოდა. ნეგატიური შეფასებები ყველა მიმართულებას ეხება. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ვერ გამოდის შტამპებად ქცეული იმ ე.წ. სტანდარტებიდან, რომლებიც ათეული წლების წინ შემუშავდა სატელიტებად შერჩეულ ე.წ. განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობაში.
უკრაინის კრიზისი, დღევანდელი გადასახედიდან, დასავლური პოლიტიკის ჩავარდნის მორიგი მკაფიო გამოხატულებაა. აღნიშნული კრიზისი, თანდათან, ბევრ რამეს არქმევს თავის სახელს, მათ შორის საქართველოშიც. ამ კონტექსტში, თავს ერთი ხმამაღალი განცხადების უფლება მინდა მივცე -
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი ვითარებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოში დასაბამი მიეცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს. პირველად, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვანი უარი თქვა სტრატეგიულ პარტნიორებად აღიარებული სახელმწიფოებისა და ინსტიტუციების გადაწყვეტილებების ბრმა მორჩილებაზე. ხაზგასმით ითქვა, რომ არ გადაიდგმება არცერთი ნაბიჯი, რომელიც ზიანს მოუტანს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ უჭირთ აღნიშნულთან შეგუება, ჩვენი დამოკიდებულება ურყევია. ეს არ არის უბრალოდ გადაწყვეტილება. ეს არის ბრძოლით გასატანი შინაგანი მოთხოვნილება, ლტოლვა თავისუფლებისკენ. მეხუთე თვეა უკომპრომისო დაპირისპირების „ცეცხლის ხაზზე“ ვიმყოფებით, შინაურთან თუ გარეშესთან.
ქართველთა „ურჩობის“ გამო, მძიმე დავალებების ვერშესრულებით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კელი დეგნანი ემოციებს ვეღარ მალავს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. (ჩაგრული ხალხების იმედის სტატუსის მატარებელ სახელმწიფოს ასეთი კვალიფიკაციის, ანუ სრულიად არაკვალიფიციური ელჩის ყოლა მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაში, უბრალოდ, არ ეკადრება).
მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილით ქალბატონი კელი კუთხეში მომწყვდეულის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც, ბუნებრივია, არ ესიამოვნა და იხელმძღვანელა რა მაშრიყიდან მაღრიბამდე „ამერიკელის შეუზღუდავი უფლებით“, თავხედობიდან უზრდელობაზე გადავიდა.
ცხოვრების წესია, თუ შეცდომას, ან ნებისმიერი სახის მარცხს დროულად არ აღიარებ, უფრო ღრმად ეფლობი მის ჭაობში. საქართველოს ხელისუფლების მიერ, ამა თუ იმ უკრაინელი და ქართველი სუბიექტებისგან ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობების მხილების შემდეგ, ქალბატონ დეგნანს ზოგადად რომ დაეგმო ყველა მსგავსი გამოვლინება, რასაკვირველია, მის გულწრფელობაში ეჭვი ნამდვილად შეგვეპარებოდა, მაგრამ სათქმელი არაფერი გვექნებოდა. დიპლომატიისგან ძალიან შორს მყოფმა ოფიცერმა დეგნანმა, ეტყობა, ამგვარი რეაგირება სისუსტის გამოვლინებად მიიჩნია და... „ეს ხომ რუსული ნარატივიაო?..“
კარგი მეთოდია, ღმერთმანი!.. თუ „დასავლელს“ შეურაცხყოფაზე, ტყუილზე, ცილისწამებაზე, არასამართლიან გამოხტომებზე თავს არ წაუხრი და ფეხქვეშ არ გაეგები, რუსული ინტერესის გამტარებლის იარლიყი არ აგცდება. არადა, რა ამაყი ვიყავი, ევროპარლამენტის სამარცხვინო ე.წ. რეზოლუციაზე „ოცნების“ ლიდერებმა რომ განაცხადეს, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რადგან მთლიანად „ფეიკს“ წარმოადგენსო. ამაყი ვარ დღესაც, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს რომ ვკითხულობ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. ან დავარწმუნებთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასდროს არავის კოლონია აღარ იქნება და ჩვენს მოქალაქეებს ისეთივე ღირსებით უნდა მოეპყრან, როგორც საკუთარ მოქალაქეებს ეპყრობიან, ან... მოგვიწევს იმ დამამცირებელ როლში დაბრუნება, რაც გვქონდა მონღოლური თუ რუსული კოლონიალიზმის ეპოქებში.
მიხეილ ყაველაშვილი და მისი ორი თანამოაზრე, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე, დარწმუნებული ვარ, მალე მივლენ იმ კონდიციამდე, როცა აუცილებელი გახდება და დღის წესრიგში დადგება დესტრუქციული, არეულობაზე ორიენტირებული, ანტისახელმწიფო სუბიექტების დაფინანსების აკრძალვის მოთხოვნა(!).
ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში მოქმედი ე.წ. არასამთავრობოების, ე.წ. ექსპერტების, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის, ქართველი ხალხის მიერ რვაგზის ნდობა გამოცხადებულ ხელისუფლებასთან შეურიგებელ დაპირისპირებაში მყოფი სხვა სუბიექტების დაფინანსება პოლიტიკაზე აშკარა, პირდაპირი ზემოქმედებაა და დიდი ხანია, უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კვალიფიკაციას იმსახურებს(!).
ბიძინა დვალი
09.07.2022 წ.