logo_geo
eng_logo
მედია: სინძო აბეს მკვლელობისთვის დაკავებულმა თავისი ქმედება რელიგიური ორგანიზაციისადმი შურისძიებით ახსნა
- +

9 ივლისი. 2022. 22:10

 

 

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობისთვის დაკავებულმა ტეცუია იამაგამიმ თავისი ქმედება რელიგიური ორგანიზაციისადმი შურისძიებით ახსნა. ამის შესახებ გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იაპონური მედია იტყობინება.

 

არსებული ინფორმაციით, იამაგამიმ განაცხადა, რომ მისი ოჯახი ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ქმედებებისგან დაზარალდა, თუმცა ორგანიზაციის სახელწოდება მედიაში არ კონკრეტდება.

 

კერძოდ, იამაგამიმ განაცხადა, რომ რელიგიური ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და ფულადი შემოწირულობების გაკეთების შემდეგ მისი ოჯახი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მედიის ცნობით, იამაგამიმ თქვა, რომ დედამისმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, მისი ოჯახი კი „დაიშალა“.

 

იამაგამის მტკიცებით, მან მოკლა სინძო აბე, რადგან თვლიდა, რომ მას ამ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი, ხოლო ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ საქმიანობასთან პრეტენზიები არ ჰქონია.

 

8 ივლისს 67 წლის სინძო აბეს ქალაქ ნარაში 41 წლის კაცმა ზურგში ესროლა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. ეჭვმიტანილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სინძო აბე პრემიერის თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner