„რუსი დამპყრობლები დღეს ახორციელებდნენ მიზანმიმართულ დარტყმებს მიკოლაევის, ხარკოვის, კრივი-რიჰის, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ ნაწილზე და არც ერთი დღით არ წყვეტენ დონბასის დაბომბვას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, თავდასხმების შედეგად არის მსხვერპლიც.
„მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა მიკოლაევზე, ხარკოვზე, კრივი-რიჰზე, ზაპოროჟიეს ოლქზე. დარტყმებს ახორციელებდა სწორედ დასახლებულ სექტორზე - აბსოლუტურად გაცნობიერებულად, განზრახ, ურტყამდა ჩვეულებრივ სახლებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანებს. არის მსხვერპლი, დაშავებულები. არც ერთი დღით არ წყდება რუსული არტილერიის სასტიკი თავდასხმები დონბასზე - სლავიანსკის მიმართულება, ბახმუტი, ავდეევკა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალურად მსგავსი ტერორისტული მოქმედებების გაჩერება მხოლოდ იარაღით არის შესაძლებელი - თანამედროვე და ძლიერი. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილებისთვის მიაწოდოს უკრაინას თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტი 400 მილიონი დოლარის მოცულობით.
„HIMARS-ის დამატებითი სისტემები და სხვა ზუსტი იარაღი საშუალებას გვაძლევს გავადგათ სწორედაც რომ ანტიტერორისტული ნაბიჯები, საშუალებას გვაძლევს შევამციროთ რუსული დარტყმები მათი რაკეტებით ცოცხალ ადამიანებზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.