„ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება,“ - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგლა ბარამიძის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ქართული ჯარის მიმართ გააკეთა.
„ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას ძალოვანი უწყებების მინისტრის თანამდებობაზე, აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ დროსაც ჩვენი ჯარის მიმართ, როდესაც ისინი იყვნენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში. იგრძნობა, რომ ჩვენი ჯარის მიმართ მათი დისკრედიტაციის მცდელობა არის მიზანმიმართული, რომ დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი. ჩვენი ბიჭები არიან გმირები. ყოველთვის თავს იჩენენ მსოფლიოში სხვადასხვა მასშტაბის ოპერაციებში მონაწილეობისას და ასევე ჩვენი სამშობლოს დაცვის დროსაც ყოველთვის ჩვენი ბიჭები იჩენენ თავს. ეს ის ხალხია, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში ემსახურებიან სამშობლოს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„ვის რაში სჭირდება ქართული ჯარი?! მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა რა უნდა გააკეთოს!“, - ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.