„მოვითხოვ, გიორგი ბარამიძემ ქართულ ჯარს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში! მისი მხრიდან ეს ერთადერთი მართებული ნაბიჯი იქნება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმად ბარამიძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც განაწყობს ჯარს, ჯარიც ისე მოიქცევა.
მისი თქმით, ქართული ჯარი ისე არასდროს დაძაბუნდება, რომ საკუთარი ქვეყანა ღირსეულად ვერ დაიცვას:
„გიორგი ბარამიძემ საკუთარი განცხადებით ქართული ჯარი და ქართული საზოგადოება შეურაცხყო, შეურაცხყოფის გარდა, მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ „რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება?“ ბატონო გიორგი, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე დღეს იმყოფება! რაც შეეხება საჭიროებას, ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ ყველა საერთაშორისო მისიაში, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული. მისიებში ქართველი ჯარისკაცების ქმედებას ყოველთვის მაღალი შეფასება ეძლევა და პარტნიორები ხაზს, ქართველი ჯარისკაცის მაღალ პროფესიონალიზმს და ბრძოლისუნარიანობას უსვამენ.
ბარამიძე იმ მთავრობის წარმომადგენელია, რომელიც ქართულ მოიერიშეებს ჯართის სახით ყიდდა, დღევანდელმა მთავრობამ კი, ისინი გაარემონტა და დღეს ქართულ ცაზე დაფრინავენ! უკიდურესად აღმაშფოთებელია ფრაზა, რომელიც ბარამიძემ თქვა: „დაძაბუნებული ქართული ჯარი“. დაძაბუნებული ქართული ჯარის ხილვა „ნაცების“ და ზოგიერთი ვითომ მეგობრობის სურვილია, რომელსაც რეალიზება არ უწერია! ჩვენმა ისტორიამ გვაჩვენა, ქართული ჯარი ისე არასდროს დაძაბუნდება, რომ საკუთარი ქვეყანა ღირსეულად ვერ დაიცვას!
ბოლო წლებში ქართულ ჯარში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა, რომელიც პირდაპირ პროპორციულად აისახა, როგორც ტექნიკურ/ტაქტიკურ სრულყოფაზე, ასევე, საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა NATO-სთან თავსებადობა, ყოველივე ზემოთ თქმულია, ფაქტებით დასტურდება და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა. მოვითხოვ, გიორგი ბარამიძემ ქართულ ჯარს, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში! მისი მხრიდან ეს ერთადერთი მართებული ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.