პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ დატოვა. ამის შესახებ ზაზა ჭურღულია საკუთარ facebook-გვერდზე წერს. წასვლის მიზეზად ის პაატა ბურჭულაძის პარტიის „გირჩთან", „ახალ საქართველოსა" და „ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებას ასახელებს.
„ეს ის ხალხი და ის პოლიტიკური ორგანიზაციებია, რომლებმაც შექმნეს დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა და მათი განუყოფელი ნაწილი იყვნენ წლების განმავლობაში. სისტემა, რომელსაც ვებრძოდი, სისტემა, რომელმაც შეიწირა ჩემი ახლობლები... ჩემთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი „ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მით უმეტეს, პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა!!! სამწუხაროდ, მსგავსი ალიანსი-გარიგება რეალურად შედგა!(რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩემს იდეოლგიურ-პოლიტიკურ, მორალურ, ზნეობრივ პრინციპებთან).
ვაცხადებ, რომ ვტოვებ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს!!! მსგავს ორგანიზაციებთან ვერანაირად ვერ მოხერხდება ჩემი - მენტალური, ფასეულობითი თუ ფსიქოლოგიური თავსებადობა", - წერს ზაზა ჭურღულია.