„აშშ დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი“, – ამის შესახებ სატელეფონო ბრიფინგის დროს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ძალიან სერიოზულად უდგება თავის პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი უკანონო გავრცელება.
„აშშ ძალიან სერიოზულად უდგება ჩვენს პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმომავლობის თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი გაჟონვა ან უკანონო გავრცელება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ აღმოჩენილი დახმარების ანგარიშვალდებულება რთული კონფლიქტის პირობებშიც, რომელსაც ვხედავთ. იარაღის უკანონო გავრცელების შესაძლებლობა, ასევე ბრძოლის ველზე დანაკარგის რისკი არის იმ მრავალ განსახილველ სამხედრო-პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების საკითხს შორის, რომლებსაც აშშ ჩვეულებრივ აფასებს ხოლმე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამერიკული თავდაცვითი შეიარაღების პოტენციური გადაცემის შეფასების დროს, განსაკუთრებით კი, ისეთ რთულ პირობებში, როგორიც დღეს უკრაინაშია. ასე რომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი. ოპერატიულ დეტალებში შესვლის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება აშშ-ის მიერ გაწეული თავდაცვისა და უსაფრთხოების დახმარებისთვის. და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რისკის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზაა რუსეთის მიერ ამ ომის დასრულება და უკრაინიდან „თავისი ძალების გაყვანა“, – განაცხადა ჯენკინსმა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.