ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე პრაღაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
უწყების ცნობით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის მიმართულებით. განხორციელდება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში. ქართული მხარე გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; გერმანელი ექსპერტები ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.