პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა მერაბ მეტრეველმა პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა. მეტრეველი ადასტურებს უარყოფით დამოკიდებულებას „სახელმწიფო ხალხისთვის", „გირჩის", „ახალი მემარჯვენეებისა" და „ახალი საქართველოს" გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა, პაატა ბურჭულაძის თხოვნით, გადაწყვეტილების „ცხელ გულზე" მიღებისგან თავი შეიკავა.
„გუშინ არც ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ რადგან პარტიის ლიდერმა გაახმაურა, მეც დავადასტურე საბოლოო ჯამში, რომ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ. უბრალოდ, ბატონმა პაატამ მთხოვა, რომ ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღე იფიქრე და მერე გადაწყვიტეო", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მისივე განმარტებით, თუ რატომ იყო ამ გაერთიანების წინააღმდეგი, ამის შესახებ ორშაბათს ისაუბრებს.
„არ მინდა, განსაკუთრებული ზიანი მივაყენო პარტიას, შიდა განხილვების გარეთ გამოტანას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, თუ რატომაც ვიყავი წინააღმდეგი, ორშაბათს შეიძლება ვთქვა კიდეც რამდენიმე", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.